29 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
აუცილებელია სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა, რათა COVID-19-ის ჯანდაცვის კრიზისი არ იქცეს უსაფრთხოების კრიზისად - იენს სტოლტენბერგი

პანდემიის ეპიცენტრად კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა რჩება. კორონავირუსს შეერთებულ შტატებში საერთო ჯამში 120 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა​. ბრაზილიაში კი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მილიონს უახლოვდება. ახალი კლასტერების გაჩენის გამო, შეზღუდვები ხელახლა დაწესდა ჩინეთისა და გერმანიის ზოგიერთ რეგიონში.

რთული ვითარებაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. რუსეთში ლეტალობის მაჩვენებელი 7 600-ს, თურქეთში კი 4 800-ს აჭარბებს.

გასულ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსისგან 7 ადამიანი გარდაიცვალა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა საერთო ჯამში 309-ს მიაღწია. აზერბაიჯანში კი მაჩვენებელი 139-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კარანტინის რეჟიმი პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა, მუშაობას შეაჩერებენ სილამაზის სალონები და მუზეუმები.

პანდემიის საკითხს, სპეციალურ ბრიფინგზე ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის მოვალეობაა, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ იქცეს.

"აუცილებელია, მჭიდრო თანამშრომლობა წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რათა COVID-19-ის ჯანდაცვის კრიზისი არ იქცეს უსაფრთხოების კრიზისად.

ამჟამად ნატო მუშაობს იმაზე, რომ COVID-19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში ორგანიზაცია გამოწვევებს უფრო მომზადებული შეხვდეს. ნატოს მინისტერიალზე ახალი ოპერაციული გეგმის შემუშავება მოხდა, რომელიც სამ პუნქტს მოიცავს: საერთაშორისო პარტნიორებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებას, სამედიცინო აღჭურვილობის მუდმივი მარაგის შექმნას და ახალ ფონდს, რომელიც ორგანიზაციის წევრებისთვის სამედიცინო აღჭურვილობასა და სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს,"- აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები