29 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
რა ემუქრება მეორე ტალღის შემთხვევაში კორონავირუსთან წარმატებულად მებრძოლ ქვეყნებს - ჯანმო საგანგებო სიგნალს ავრცელებს

შესაძლოა სწორედ ის ქვეყნები, რომლებმაც ნაწილობრივ გამარჯვებას მიაღწიეს და კორონავირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნეს, მომავალში მეორე ტალღის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ თვითკმაყოფილების დრო არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო სიგნალს ავრცელებს. ქვეყნებში, სადაც შემთხვევების რაოდენობა ძალიან დაბალია და ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხშირია საზოგადოების მოდუნების და რეგულაციების დარღვევების ფაქტები. ასეთ დროს ვირუსი ძლიერდება და უფრო საშიში ხდება.

საქართველო სწორედ ისეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თუმცა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი მზად არიან ეპიდემიის ნებისმიერი სცენარით განვითარებისათვის, თუმცა ამას საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ შემთხვევების რაოდენობის კლება და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების რაოდენობა ზაფხულის პერიოდში შენარჩუნდება. თუმცა, შემოდგომის დადგომასთან ერთად სეზონურობა იმოქმედებს კორონავირუსზე და სხვა რესპირატორულ ვირუსთან ერთად COVID-19-ის მართვა შესაძლოა უფრო რთული იყოს.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთი კონკრეტული გადაწყვეტის გზა არ არსებობს და უნდა დაინერგოს ის მეთოდები, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ მუშაობს. სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია შემთხვევების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე და კონტაქტების დადგენა.

კოვიდმიმღებ განყოფილებებში მზადყოფნაა. ექიმები, რომლებიც ვირუსს შიშველი ხელებით ებრძვიან, რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ და საზოგადოებას მიმართავენ, ქვეყანა არ მივიდეს იქამდე, რომ მეორე ტალღა უფრო ძლიერი იყოს.

ათეულობით ქვეყანა და ასობით გუნდი COVID-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. 100-დან 11 კლინიკური ცდის პროცესშია. ვიდრე ვაქცინა უსაფრთხოების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ის სჭირდება, მანამდე ვირუსს ისევ ძველი მეთოდებით და სოციალური პასუხისმგებლობით უნდა ვებრძოლოთ.

დღის ამბები