29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
გიორგი რურუას გათავისუფლება თუ დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერის მოპოვება - რა გზას აირჩევს "ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დამოუკიდებელი დეპუტატი სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებაზე ალაპარაკდა. ლევან კობერიძე ამბობს, რომ სანამ საკანონმდებლო ორგანოში წლის მთავარი პოლიტიკური პროცესი დაიწყება, უმრავლესობის ფორმატში სხდომა უნდა ჩატარდეს, სადაც კენჭისყრის გზით გაირკვევა "ქართული ოცნებიდან" ვინ უჭერს მხარს საარჩევნო მოდელის ცვლილებას და ვინ - არა.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ მმართველ პარტიაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. თავად ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ პროცესზე პასუხიმგებლობა სახელისუფლებო პარტიამ უნდა აიღოს და კვირას სხდომათა დარბაზში 93-ვე დეპუტატის უპირობო შეკრება უზრუნველყოს.

გახდება თუ არა ლევან კობერიძის ინიციატივა ერთგვარი ულტიმატუმი დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან, უცნობია. მისივე თანაფრაქციელი მარიამ ჯაში ამბობს, რომ ამ საკითხზე ფრაქციის ფორმატში იმსჯელებენ. ამ დროისთვის, შვიდივე წევრი აცხადებს, რომ პროექტს მხარს დაუჭერენ, თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ხელმეორედ ჩაგდების სურვილი თავად მმართველ გუნდს ჰქონდეს.

პარლამენტში ფრაქციის გარეშე დარჩენილი 17 დეპუტატიდან უმრავლესობა კენჭისყრამდე 4 დღით ადრე ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თანაბრად უნდა აიღონ. დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც მმართველი გუნდი სწორედ საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდების გამო დატოვა, მიიჩნევს, რომ ცვლილება ამჯერადაც თუ ჩავარდება, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი კიდევ უფრო დაზიანდება, "ოცნებას" კი მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ბიძინა გეგიძე ღიად ამბობს, რომ საკონსტიტუციო პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და ფრაქცია "ევროპული საქართველო" კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. საპარლამენტო ოპოზიციის უპირობო პირობა გიორგი რურუას გათავისუფლებაა. თუკი კვირამდე ეს საკითხი არ მოგვარდა, საკონსტიტუციო პროექტი, ჯამში, ორივე ფრაქციიდან 26 ხმას დაკარგავს. მათი განცხადებით, მმართველი გუნდი პროექტის ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს და მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შევა.

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსაა" და "სოციალ-დემოკრატებში" ამბობენ, რომ ცვლილებებს მათი 7 წევრის მხარდაჭერაც ექნება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ახლა ბურთი დამოუკიდებელი დეპუტატების მხარეს არის და მათი მხარდაჭერის შემთხვეევაში პროექტს ჩაგდების საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, იმასაც არ მალავენ, რომ ყოფილ თანაგუნდელებს აღარ ენდობიან და მათ განცხადებებში თავის დაზღვევის გეგმას კითხულობენ. "ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი კვირას სხდომათა დარბაზში შეიკრიბება, თუმცა ცვლილებების დასამტკიცებლად ეს საკმარისი არ არის. პროექტის ჩაგდების შემთხვევაში, პასუხიმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ.

კახა ოქრიაშვილი მმართველი გუნდის ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც საკონსტიტუციო პროექტს მხარს არ დაუჭერს. ლიდერები ამბობენ, რომ უმრავლესობის ფორმატში ხვალ შეიკრიბებიან, თუმცა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას არ აპირებენ.

იმისთვის, რომ ქვეყნის საარჩევნო მომავალი შეიცვალოს, 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვვაში, თუ კვირას სხდომათა დარბაზში მყოფი 25 დამოუკიდებელი დეპუტატიდან ყველა დაუჭერს მხარს პროექტს, მმართველი გუნდიდან კი 92-ვე დეპუტატი, 117 ხმა შეგროვდება. თუ სხდომაზე 5 დეპუტატი მაინც არ გამოცხადდება და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, პროექტი ჩავარდება. განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხვალიდან დაიწყება, მოგვიანებით კი, კვირას, პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე კენჭისყრაზე გავა.

დღის ამბები