29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ვინ ატარებს რუსულ ინტერესს და ვის აწყობს დესტაბილიზაცია - პოლიტიკური სპექტრის ბრალდებები და კონტრბრალდებები

"საქართველოს ჰყავს ძლიერი ხელისუფლება, პროდასავლური ხელისუფლება და საქართველოს ჰყავს სუსტი ოპოზიცია და ოპოზიცია, რომელიც აკეთებს მუდმივად რუსულ საქმეს," - "რუსული საქმის" კეთების გარდა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც რადიკალურ ფრთად მოიხსენიებს, დესტაბილიზაციისკენ მუდმივ მიდრეკილებაშიც ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძისთვის რადიკალური ფრთა "ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალებია. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის დესტაბილიზაცია მომგებიანია.

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც კობახიძის ჩამონათვალში მოხვდა, როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელი. თავის მხრივ, ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი დასავლეთში საკუთარ პოზიციებს ოპოზიციის იმიჯის შელახვით ვერ გაიმყარებს.

ირაკლი კობახიძემ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც ახსენა, როგორც პრორუსი პოლიტიკოსი. კობახიძის განმარტებით, დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა სწორედ კრემლის ინტერესშია. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ მმართველი გუნდის ამ ბრალდებებს კონტრბრალდებებით უპასუხა.

პარტია, რომელიც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნისთვის რადიკალური პოლიტიკური ძალაა, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპულ საქართველოსა" და "ლეიბორისტებთან" ერთად მმართველ გუნდს, საპასუხოდ კონტრბრალდებებს უპირისპირებს და კრემლის მიმართ მაამებლურ პოლიტიკაში ადანაშაულებს.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის შეფასებებს იზიარებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობისთვის "ნაციონალური მოძრაობაა" ის ძალაა, რომელიც ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის დესტაბილიზაციას მუდმივად მიმართავს.

პოლიტიკურმა ძალებმა პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის რომ ვერ გამოიყენონ ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე გამოძიება უმოკლეს ვადებში უნდა დასრულდეს.

ვინ ატარებს რუსულ ინტერესს და ვის აწყობს დესტაბილიზაცია - ეს არის კითხვები, რომლებზეც პოლიტიკურ ოპონენტები მუდმივად ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. თუმცა, კონრეტულ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის, საქმეზე სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დღის ამბები