ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებულ 7 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, მათგან 3 ამ დრომდე მიმალვაშია. ერთ-ერთმა ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა. სულ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო. საუბარია თაღლითობაზე, რომლის მსხვერპლიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალქეები გახდნენ.
ამ დანაშაულებრივი სქემის საქმეზე 3 პირს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. როგორც საქმის პროკურორმა "კურიერთან" საუბარში სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა, ისინი ამ დროისთვის მიმალვაში არიან და იძებნებიან. მისი თქმით, თაღლითური სქემის დაზარალებულები საბანკო სექტორის წარმომადგენლები არიან.
"ბრალდებულები მათ სარგებლობაში არსებული პოსტერმინალების მეშვეობით არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს აჭრიდნენ მათი ნებართვის გარეშე ფულად თანხებს. მათ მიერ წინასწარ გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაციით დადგენილია, რომ წინასწარ მოპოვებული იყო არარეზიდენტი ფიზიკური პირების პლასტიკური ბარათების მონაცემები, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ პოსტერმინალზე ამ ბარათის ნომრის შეყვანის შემთხვევაში თანხა ჩამოჭროდა დაზარალებულებს. ეს თანხა ირიცხებოდა მათ საბანკო ანგარიშებზე, ხოლო შემდგომ ნაღდი ანგარიშსწორებით გამოჰქონდათ ანგარიშიდან," - განაცხადა საქმის პროკურორმა სალომე ჩიქობავამ.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, დაკავებულებიდან 1 ქალბატონი დანაშაულს აღიარებს. მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დანაშაულს აღიარებს, თუმცა გამოძიების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით უფლებადამცველებს მრავალი კითხვები აქვთ.
"გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ გირაოს. ჩვენს მიერ შეთავაზებული იქნა გირაოს სახით 20 000 ლარის ოდენობით თანხა, თუმცა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, როგორიც არის პატიმრობა," - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ყეინიშვილი.
ერთ-ერთი ბრალდებულის უფლებადამცველმა განაცხადა ისიც, რომ საკითხავია არის, თუ არა ავთენტური ის ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ დღეს გაავრცელა.
"რაც შეეხება ვიდეო-მტკიცებულებებს, პირველ რიგში დასადგენია, ხომ არ არის მონტაჟის კვალი და რამდენად ავთენტურია აღნიშნული ვიდეო. სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, დაზარალებულად საქართველოს რამდენიმე ბანკია ცნობილი. არცერთი უცხოური ბანკი და ასევე, არცერთი უცხოეთის მოქალაქე დაზარალებულად ცნობილი არ არის, რადგან მათ რაიმე სახის მატერილური ზიანი არ მიუღიათ," - აცხადებს ადვოკატი დავით აბესაძე.
როგორც ცნობილია, დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულები სხვადასხვა სასტუმროებში არარსებულ პირებზე ნომრებს ჯავშნიდნენ და შემდგომ უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ანგარიშებიდან კოლოსალურ თანხებს აჭრიდნენ.
"კურიერმა" ერთ-ერთი სასტუმროს სახელწოდება და ასევე მისამართიც გაარკვია. ეს სასტუმრო "ანგელია", რომელიც უკვე რამდენიმე თვეა რაც დაკეტილია.