29 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
დავიწყეთ მუშაობა საპარლამენტო არჩევნების დროს კოვიდუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით - არჩილ თალაკვაძე დიპლომატებთან შეხვედრაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დროს კოვიდუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით დიპლომატებთან მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნეს და ასევე სამომავლოდ, მხარეებთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები იგეგმება.

"დავიწყეთ მუშაობა საპარლამენტო არჩევნების დროს კოვიდუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. გვაქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა, მონახაზი. დღეს შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გავუზიარეთ ჩვენი ხედვა. ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ კონსულტაციების გავმართოთ ასევე მხარეებთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან და მივიღოთ საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს კოვიდინფექციის გავრცელებისგან არჩევნების დროს და ასევე რა საკვირველია უზრუნველყოფს მათი საარჩევნო უფლებების სრულ რეალიზებას," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღეს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე 4 დღით ადრე, დიპლომატები არჩილ თალაკვაძეს ესტუმრნენ. ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. საუბარი შეეხო როგორც 8 მარტის შეთანხმებას და საარჩევნო სისტემის შეცვლას, ასევე პანდემიის შესაძლო მეორე ტალღასთან გასამკლავებლად ჯანდაცვის უწყების სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები