29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ახალ პოლიტიკურ პლატფორმასთან შესაძლოა მაჟორიტარების ნაწილშიც ვითანამშრომლოთ - ბადრი ჯაფარიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ახლადშექმნილ პოლიტიკურ პლატფორმასთან, შესაძლოა, მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმების საკითხშიც ითანამშრომლოს.

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პლატფორმის შექმნის ინიციატორებთან - ანა დოლიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან კომუნიკაცია ადრეც ჰქონდა და მომავალშიც აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას. 

"ადრეც გვქონია საუბრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ჩვენ გავაგრძელებთ უკვე ამ გაერთიანებულ პლატფორმასთან თანამშრომლობას. გულისხმობს, რა თქმა უნდა, არჩევნების წინა პროცესში თანამშრომლობას, არჩევნებისთვის მომზადებას და ბევრ ასპექტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თანამშრომლობა არ გვაქვს შეზღუდული რაღაც კონკრეტული სფეროთი, ჩვენ გვინდა ეს იყოს ფართო თანამშრომლობა. შეიძლება იყოს მაჟორიტარების ნაწილშიც თანამშრომლობა, სრულად შესაძლებელია,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პლატფორმასთან თანამშრომლობას, ასევე არ გამორიცხავს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, თუმცა აცხადებს, რომ მისი შექმნის შესახებ მედიისგან გაიგო. 

"მხოლოდ მედიის საშუალებით ვიცი, რომ შეიქმნა პოლიტიკური პლატფორმა ალტერნატიული პოლიტიკური დისკუსიისთვის. ეს რაც ზედაპირზეა, დანარჩენი საინტერესო იქნება მათი შინაარსი. ამ შემთხვევაში, ჯერ ძალიან ადრეა რამე ვთქვა. პოლიტიკაში არის ნათქვამი - არასოდეს თქვა არასოდეს - არ ვიტყვი კატეგორიულად არცერთ პასუხს, არც კის და არც არას. ხალხთან როგორ მიიტანენ თავიანთ სათქმელს, რამდენად აქტუალურ საკითხებზე იქნება მათი ყურადღება გამახვილებული, რამდენად დაარწმუნებენ საზოგადოებას თავიანთ გულწრფელობაში, ეს განაპირობებს მათ წარმატებას,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. 

დღის ამბები