29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროდასავლური ხელისუფლება და სუსტი ოპოზიცია, რომელიც მუდმივად აკეთებს რუსულ საქმეს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ქვეყანაში რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა, დამატებითი განმარტება გააკეთა.

კობახიძემ აქცენტი გააკეთა ოპოზიციის ე.წ. დესტრუქციულ ნაწილზე, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც რუსეთის ინტერესებს ატარებდა და ოპოზიციაში გადმოსვლის შემდეგაც იმავეს აგრძელებს. 

"საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროდასავლური  ხელისუფლება და სუსტი ოპოზიცია, რომელიც მუდმივად აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში, ჯერ 9, ხოლო შემდეგ 8 წლის განმავლობაში, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში. მე არ ვიცი, ეს კეთდება შეგნებულად, ასე თუ ისე, მაგრამ რატომღაც, მუდმივად, ეს პოლიტიკური ძალა, ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და მერე ოპოზიციაში ყოფნის დროს მუდმივად აკეთებს რუსულ საქმეს. რაც გამოიხატა, მათ შორის, იმაშიც, რომ სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიის 20%. როდესაც ისინი სპეკულირებენ რუსეთის თემით, აბსოლუტურად მიუღებელია და რაც შეეხება მათი პოლიტიკის შედეგებს, ყველასთვის ნათელია. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ, ზოგადად, დესტაბილიზაცია აძლევს ხელს ამ რადიკალურ ოპოზიციას,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

შეგახსენებთ, რომ იქამდე "პალიტრანიუსის" ეთერში კობახიძემ დაასახელა კონკრეტული გვარები - ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე და შალვა ნათელაშვილი, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყანაში რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურებიან.

დღის ამბები