29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
გერმანიის პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას "პრორუსულად" მოიხსენიებს - გერმანიის ელჩის თქმით, ფრაზა ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია

"პრორუსული" - ასე მოიხსენიებს გერმანიის პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ: "შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან."

დღეს ტერმინ "პრორუსულის" გამოყენების შესახებ განმარტება გააკეთა გერმანიის ელჩმა.

ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ფრაზა ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არ წარმოადგენს პროკურატურის მოსაზრებას.

"გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება - ეს გახლავთ მისი სიტყვება და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება. სამწუხაროა, რომ ამ საკითხის წარმოჩენა იმ კუთხით მოხდა, თითქოსდა გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება. სინამდვილეში, ეს მათი განზრახვა არ ყოფილა," - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

დღის ამბები