29 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ - გახარია ჯანდაცვის უწყების ანგარიშის პრეზენტაციაზე

"შერატონ მეტეხი პალასში" ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელზეც სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა. გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სისტემის 24-საათიანი შრომის შედეგია ის, რომ საქართველომ სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი COVID-19-ის გამოწვევას:

"ამ სამინისტროს, შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში. სინამდვილეში, ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში - მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის 24 საათის განმავლობაში, რომელიც მათ გაწიეს ბოლო 4 თვის განმავლობაში და ასევე, მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ იმავე რეჟიმში გააგრძელებს ეს ხალხი წარმატებულად ბრძოლას შემდგომში, როდესაც ეს დაგვჭირდება.

პანდემია არის გლობალური გამოწვევა და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან  ერთად, მისი ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ არაფერი დასრულებული არაა და ყველაფერი გრძელდება.

ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს სწორედ ის სახეები, რომელსაც ახლა აქ მე ვხედავ," - განაცხადა გიორგი გახარიამ და იმ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს.

პრემიერმა ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომელს წარმატება უსურვა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, ვირუსის კონტროლი წარმატებით გაგრძელდეს:

"ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს ჩვენ თქვენთან ერთად ვებრძვით, ჩვენი და თქვენი მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ვირუსის გაგრძელებას ვაკონტროლებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად, ჩვენ გავიარეთ შესანიშნავად შეჩერების ეტაპი, კარგად გავიარეთ ადაპტაციის ეტაპი და ახლა ვართ მართვის ეტაპზე, რაც დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს პროფესიონალიზმზე," - მიმართა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს.

დღის ამბები