29 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ნათია თურნავა - მზად ვართ, სტარტაპებს მომავალშიც მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, გლობალურად შექმნილი ახალი რეალობის წინაშე დადგომის პარალელურად, ახალი აზრი, მიდგომა და ინოვაცია ყველა სფეროში განსაკუთრებით ფასობს - ნათია თურნავამ ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ახალი - 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამის გამოცხადების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამა უკვე მეხუთედ ტარდება.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 100 000 ლარიანი და 650 000-ლარიანი გრანტები უკვე სისტემატურ, ტრადიციულ პროგრამად და საქართველოში განვითარებადი სტარტაპ ეკოსისტემის ნაწილად იქცა.

"დღემდე 76 გამარჯვებული ჯგუფი გვყავს, რაც დიდი მიღწევაა და იმედი მაქვს, წელს ჩვენ ამას 100-მდე მივიყვანთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა უკვე კონკურსის მე-5 ეტაპი გვაქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შექმნილია გარკვეული ისტორიის მქონე ბაზარი და ასევე უმჯობესდება ეკოსისტემაც“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის საკმაოდ მაღალ სტანდარტებზე აწყობილი პროგრამა, რადგან მის მონაწილეებს აფასებენ სილიკონ ველის ვენჩურული ფონდები, ენჯელ-ინვესტორები, მათი წარმომადგენლები, ექსპერტები.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც მათთვის მისაღებია, ძალიან დიდი ალბათობით, შეიძლება გლობალურადაც საინტერესო იყოს. ჩვენს კონკურსში გამარჯვება იმის წინაპირობაა, რომ თქვენ შეიძლება გლობალურ ასპარეზზე გქონდეთ მეორადი უკვე დაფინანსების და ინვესტორების მოზიდვის კარგი შანსი“ - აღნიშნა მან.

დღის ამბები