29 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ოპოზიციის თბილისის მაჟორიტარული სია უცნობია - რაზე განაწყენდა ალეკო ელისაშვილი, რომელიც მოლაპარაკების პროცესში არ ჩაერთო

ალეკო ელისაშვილი, რომელმაც პოლიტიკაში დაბრუნება სოციალური ქსელში დააანონსა, პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი კვლავ ვირტუალურ სივრცეში განაგრძო. მისი სახელი და გვარი ბოლო პერიოდში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის სახელდებოდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ალეკო ელისაშვილი სხვა გზით მიდის. მისი თქმით, არ იცის ვინ რაზე შეთანხმდა, თუმცა წერს, რომ კანდიდატების პრეზენტაციისთვის დრო ოპოზიციამ არასწორად შეარჩია. ელისაშვილმა ოპოზიციური მაგიდის წევრებს დღეს იმაზეც მიანიშნა, რომ შეთანხმება ყველას შეთანხება უნდა ყოფილიყო და არა ცალკეული პარტიების.

დედაქალაქის ოპოზიციური რვიანის ბედი პარასკევს უნდა გადაწყდეს. ლიდერები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზეა, საბოლოო დეტალები კი ორ დღეში უნდა დაზუსტდეს, როცა "ლეიბორისტულ პარტიაში" შეიკრიბებიან.

თბილისის მაჟორიტარობისთვის მებრძოლთა სიაში რომ იქნება და ამაზე შეთანხმებაც მიღწეულია, ამას გიორგი ვაშაძე არ უარყოფს. "კურიერის" ინფორმაციით, ოპოზიციური ერთობის სახელით "ახალი საქართველოს" ლიდერი ისნის ოლქის ამომრჩევლების გულის მოგებას შეეცდება.

გიორგი ვაშაძის გარდა, ოპოზიციური ერთობის სახელით, თბილისში 2-2 წარმომადგენელი ეყოლება "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას". "ნაციონალური მოძრაობიდან" სამგორის ოლქში სავარაუდოდ ზაალ უდუმაშვილი, გლდანში კი ნიკა მელია იბრძოლებს.

"ევროპული საქართველოს" სახელით კი, ვაკის ოლქში შესაძლოა, კენჭი ელენე ხოშტარიამ იყაროს, პარტიიდან მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად დავით ბაქრაძე სახელდება. თბილისის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას გეგმავს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ზურაბ ჯაფარიძემ ვაკეში საკუთარი კანდიდატურა სწორედ ელენე ხოშტარიას სასარგებლოდ მოხსნა. პარტია ბრძოლას მაჟორიტარობისთვის 2020 წლისთვის აღარ აპირებს და ამ დროისთვის პარტიულ სიაზე მუშაობს. დედაქალაქში საკუთარი წარმომადგენელი სავარაუდოდ არ ეყოლება ნინო ბურჯანაძის პარტიას.

კონსულტაციებს მართავს ასევე პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშია". არ არის გამორიცხული, რომ საბურთალოს ოლქში ამ გაერთიანების სახელით მაჟორიტარობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი იყოს.

ოპოზიციურ რვიანში საკუთარი წარმომადგენელი არ ეყოლება პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოს". ორ ოლქში ოპოზიცური ერთობის პარტნიორი იქნებოდა თუ კონკურენტი, ამ თემაზე დღემდე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ჩანს კონსენსუსი ვერ შედგა. "ლელო" თავდაპირველ პოზიციაზე დარჩა და აპირებს გამარჯვებისთვის 30-ვე ოლქში დამოუკიდებელად იბრძოლოს.

ყველა ერთის წინააღმდეგ - ამ პრინციპით გაერთიანებულმა პარტიებმა ზუსტად 2 დღეში, დედაქალაქის 8 ოლქში, მმართველი გუნდის კონკურენტები უნდა დაასახელონ. ოპოზიცია გეგმავს, რომ შეთანხმებული კანდიდატები საზოგადოებას სიმბოლურად 20 ივნისს წარუდგინოს.

დღის ამბები