29 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ხანძრის შედეგად დამწვარი ვარკეთილის ბაზრობის წარმომადგენლებიდან სადაზღვეო კომპანია "ირაო" ზარალს მოიჯარეებს აუნაზღაურებს

დამწვარი ბაზრის ადმინისტრაციას ზარალს არც სადაზღვეო კომპანია აუნაზღაურებს და კომპენსაციას არც მთავრობა ჰპირდება.

მათ დამწვარი სავაჭრო სივრცის განახლება თავად მოუწევთ. შპს "ვარკეთილი 96" დაზღვევით სარგებლობის თანხას იხდიდა, თუმცა ირკვევა, რომ მხოლოდ მესამე პირზე და "ირაოც" ზარალს მხოლოდ მოიჯარეებს აუნაზღაურებს.

დაზარალებულების უმრავლესობა ამბობს, რომ საბუთები დაეწვათ და სადაზღვეო კომპანიისგან შეთავაზებული თანხა კვადრატულ მეტრზე ძალიან მწირია. მოვაჭრეები დღეს დილიდან ისევ დამწვარ ბაზრობასთან შეიკრიბნენ, სადაც ტერიტორიაზე შეშვების მოთხოვნით სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე არ მისულა, თუმცა დედაქალაქის მთავრობის სხდომა ამ თემაზე საუბრით დაიწყო. დაზარალებულებთან მოგვიანებით თბილისის მერის მოადგილე მივიდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზების პასუხისმგებლობა აიღო.

შეხვედრა, რომელსაც დაზარალებულები ორი დღის განმავლობაში ითხოვდნენ, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობაში დღის ბოლოს შედგა.

მოლაპარაკებებს მერის მოადგილე, გამგებელი, ბაზრის ადმინისტრაცია და მოვაჭრეების საინიციატივო ჯგუფი ესწრებოდა. მოიჯარეებს ინტერესებს ანა დოლიძის "მოძრაობა ხალხისთვის" იურისტები იცავდნენ. შეხვედრა საკმაოდ მალე დასრულდა, გამგეობიდან გამოსული მოვაჭრეების მოთხოვნებს კი კიდევ ერთი დაემატა.

ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ორი დღის წინ გვიან ღამით გაჩნდა. დაიწვა 4000 კვადრატი, დაზარალდა ასობით მოვაჭრე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, პარალელურად დაიწყო ზარალის დათვლაც.

დღის ამბები