ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, სადაც სალომე ზურაბიშვილი ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდა, პრეზიდენტს ხმაურით დახვდნენ.
სასამართლოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივასა" და პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრები შეიკრიბნენ, რომლებმაც პრეზიდენტი გააკრიტიკეს და ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა გააპროტესტეს.
"ჩვენ ვნახეთ, რომ კონსტიტუცია ისევ თავზე გადაგვახიეს. სალომე ზურაბიშვილი დღეს სამართლის მოღალატეა. ვასილ როინიშვილი კი - ეს არის პირი, რომელიც ჯერ ადეიშვილის სისტემის ნაწილი იყო, შემდეგ ეს ადამიანი "ქართულმა ოცნებამ" შეისრუტა და ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვის გარეშე როგორ შემოგვაპარა საბჭომ მისი თავი," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე.
დღიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება. მან ფიცი ოფიციალურად დადო და დღეიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
"ეს 10 წლიანი პერიოდი რომ შევაჯამოთ, სასამართლომ ძალიან ნაყოფიერად იმუშავა. მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ძალიან სერიოზული გამოხმაურებები ჰქონდა," - აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე.
სალომე ზურაბიშვილმა კი იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებიც მას პროტესტის ნიშნად სასამართლოს შენობასთან დახვდნენ.
"სამწუხაროდ, იმ ახალგაზრდებს, გარეთ რომ არიან არ ესმით, რომ როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს კონსტიტუციისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფაცაა,"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.