29 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებსთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვასამბეკ ბოკოვის საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს და უწყება ცდილობს, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს, რადგან მათივე თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს და არ დაზარალდეს საჯარო ინტერესი.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 15 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთდა განცხადება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც, ჩვენს მიერ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის.

ხსენებულ განცხადებაში, ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის - ნამდვილის თუ ყალბის - გავრცელებამ, შესაძლოა დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი - დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნას დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება.

მიუხედავად ამისა, მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს,  რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეზე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, იკრიბება და ფასდება მტკიცებულებები და სკურპულოზურ ანალიზზე დაყრდნობით იგეგმება ყოველი შემდგომი ნაბიჯი, რათა არც ერთი ვერსია და ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოძიების ჯეროვანი ყურადღების მიღმა.

ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

ამასთან, გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან,"- ნახსენებია სუსის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის 15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკითხში უკრაინული სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართულნი.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

ექსპერტები და პოლიტიკოსები სავარაუდო დანაშაულის დაგეგმვას იმ მწვავე და კრიტიკულ განცხადებას უკავშირებენ, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მაშინ ჟურნალისტის განცხადებას რუსეთის დუმისა და თავად ვლადიმერ პუტინის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი განცხადებები მოჰყვა. ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა. გასულ ღამეს კი ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი განცხადება გავრცელდა, რომლითაც ბრალდებას უარყოფს და კვლავ იმუქრება.​ რამზან კადიროვი უკრაინასაც ემუქრება.

დღის ამბები