29 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცის მკვლელობა მიწის ნაკვეთის შესახებ დავას უკავშირდება

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისში 50 წლის მამაკაცის მკვლელობა უკავშირდება დავას, რომელიც შემთხვევის მონაწილე პირებს შორის მიწის ნაკვეთის შესახებ წლების წინ დაიწყო. 

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, 55 წლის მამაკაცმა ოჯახის ახლობლის მკვლელობის მიზნით მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულში 3 ადამიანი მონაწილეობდა. ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა გამთენიისას, დილის 8 საათზე მოხდა. მათივე მონაყოლით ირკვევა, რომ გასროლამდე დანაშაულში მონაწილე პირები ჯერ საუბრობდნენ, შემდეგ კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა. ცხედარი კრიმინალისტებმა მატარებლის ლიანდაგთან იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაზიანებები მიიღეს სხვა პირებმაც, თუმცა დაჭრილების შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება. 

მკვლელობის შემდეგ დანაშაულში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები