29 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება რა მოხდა - სალომე ზურაბიშვილი კადიროვზე

"არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება რა მოხდა" - ასე უპასუხა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მუქარასთან დაკავშირებით. 

"კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის, რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ ბრალდებები უარყო და მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა.

შეგახსენებთ, რამზან კადიროვი მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს სისულელეს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.

"თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ.

სჯობს, გიორგი გაბუნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს. მას ვურჩევ სწორი დასკვნები გააკეთოს და გონს მოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს მტრად დარჩება," - ნათქვამია კადიროვის მიერ ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჩეჩნეთის ლიდერი უკრაინასაც აკრიტიკებს და ოფიციალურ კიევს შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ცნობების მტკიცებულებებთან ერთად გავრცელებას ურჩევს.

დღის ამბები