29 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საკითხს არ შევხებივართ" - მამუკა მდინარაძე უკრაინის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს შეხვდა, განაცხადა, რომ საუბარი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საკითხს არ შეხებია. მან აღნიშნა, რომ მსგავს თემებზე განცხადებები პოლიტიკოსებმა არც უნდა გააკეთონ.

"ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ. როგორც ჩანს, ამის შესახებ მას დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. საქართველოში მივეჩვიეთ, რომ პოლიტიკოსებს გვისვამთ შეკითხვებს, რაზე პასუხიც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელსაც გაუჭირდება, თუ უშუალოდ არ არის საქმის გამოძიებაში ჩართული. ეს ქართული სენი გახდა, რომ გამოძიების დეტალებზე შეკითხვებს პოლიტიკოსებს უსვამენ და ხშირად არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ კითხვებზე დეტალურ ვერსიებს განიხილავენ ხოლმე,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკითხში უკრაინული სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართულნი. 

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

ექსპერტები და პოლიტიკოსები, სავარაუდო დანაშაულის დაგეგმვას იმ მწვავე და კრიტიკულ განცხადებას უკავშირებენ, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მაშინ ჟურნალისტის განცხადებას რუსეთის დუმისა და თავად ვლადიმერ პუტინის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი განცხადებები მოჰყვა. ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა. 

გასულ ღამეს კი, ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი განცხადება გავრცელდა, რომლითაც ბრალდებას უარყოფს და კვლავ იმუქრება.​ რამზან კადიროვი უკრაინასაც ემუქრება.

დღის ამბები