29 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
თუკი ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს... სჯობს, გიორგი გაბუნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს - რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებს.

რამზან კადიროვი მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს სისულელეს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.

 "თუკი ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ.

სჯობს, გიორგი გაბუნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს. მას ვურჩევ სწორი დასკვნები გააკეთოს და გონს მოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს მტრად დარჩება," - ნათქვამია კადიროვის მიერ ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჩეჩნეთის ლიდერი უკრაინასაც აკრიტიკებს და ოფიციალურ კიევს შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ცნობების მტკიცებულებებთან ერთად გავრცელებას ურჩევს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

 

 

დღის ამბები