29 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ყველა კითხვას, რომელიც ლეგიტიმურად აქვს საზოგადოებას გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცემა - შს მინისტრის მოადგილე ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა "ღამის კურიერის" კითხვაზე -  ჰქონდა თუ არა ქართულ საგამოძიებო უწყებებს გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკრაინის სპეცსამსახურებთან, განაცხადა რომ დეტალებზე საუბრისგან გამოძიების დასრულებამდე თავს შეიკავებს. 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს, რომელმაც საზოგადოების ყველა წევრს საქმის გარშემო კონფიდენციალობის დაცვისკენ მოუწოდა. 

"ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მე დეტალურ ინფორმაციას, გარდა იმისა, რაც გავრცელდა, ვერ მოგახსენებთ.

მესმის, რომ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, საზოგადოების ინტერესი ამ საქმის მიმართ, თუმცა მეორეა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და, დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას, რომელიც ლეგიტიმურად აქვს საზოგადოებას, გამოძიების შედეგად პასუხი ამომწურავად გაეცემა,"-განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

დღის ამბები