29 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
20 ივნისს აქციის დაშლამდე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით დემონსტრანტები არ გაუფრთხილებიათ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "ღამის კურიერის" ეთერში იმ სპეციალური ანგარიშის შესახებ ისაუბრა, სადაც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლაზეც არის საუბარი. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ აქციის დაშლის დაწყებამდე არ გააფრთხილეს აქციაზე მყოფი მოქალაქეები და არ მისცეს მათ გონივრული ვადა ტერიტორიის მშვიდობიანად დასატოვებლად.  

"აქციები ან მისი ნაწილი, შესაძლოა, გადაიზარდოს ძალადობაში, მაგრამ ნაწილი იყოს მშვიდობიანი. რაც შეეხება, კონკრეტულად, 20 ივნისის ღამეს, ამ შემთხვევაში ძალიან პრობლემატურია კანონმდებლობა ამ მიმართულებით. მაგალითად, კანონი ამბობს, რომ ასეთი ტიპის გაფრთხილებები თვითმმართველობის აღმასრულებელმა შტომ უნდა გააკეთოს ან მთავრობამ. მაშინ, როდესაც ბოლო წლებში არ გვახსენდება მსგავსი შემთხვევა, რომ გაფრთხილება ან მერიას გაეკეთებინა, ან მთავრობას, ყოველთვის პოლიცია იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც პოლიცია იწყებს ძალის გამოყენებას იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ლეგიტიმურია ძალის გამოყენება, თუმცა აქ ცალკე საკითხია რა ტიპის ძალის გამოყენება შეიძლება მოხდეს, მათ შორის, არამშვიდობიანი აქციის დასაშლელად. სტანდარტი ამბობს, რომ მათ უნდა გააკეთონ სათანადო ფორმით ინფორმირება იქ მყოფი მოქალაქეების, რომ პირველ რიგში, იწყება ძალის გამოყენება, რა ტიპის ძალის გამოყენება იწყება და აქციის მონაწილეებს უნდა მიეცეთ სათანადო დრო და ფიზიკური შესაძლებლობა, რომ მათ დატოვონ ტერიტორია.

20 ივნისის მაგალითს თუ ავიღებთ, პირდაპირ გაფრთხილება არ გაკეთებულა, ერთადერთი შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომ აქცია იღებს უკანონო ხასიათს, თუმცა ადგილზე მონაწილეების მიმართ ხმოვანი შეტყობინება ნამდვილად არ მომხდარა და, ფაქტობრივად, ერთდროულად დაიწყო გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება იქ მყოფი პირების მიმართ,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ 26 ნოემბრის ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის წყლის ჭავლით დაშლაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს დემონსტრანტები გააფრთხილეს, თუმცა პოლიციას აქციის დაშლამდე ყველა ალტერნატიული გზა უნდა ამოეწურა.

"შეკრება და მოქალაქეების გამოხატვა არის დემოკრატიულ საზოგადოებაში უზენაესი ღირებულება. რაც შეეხება 26 ნოემბრის ღამეს - იმ ღამეს, სხვათა შორის, გააფრთხილეს დემონსტრანტები წინასწარი ხმამაღალი ფორმით, მაგრამ როდესაც იწყება ძალის გამოყენება, შსს-მ უნდა ამოწუროს ყველა სხვა ალტერნატიული გზა და რაც თავიდან აგვარიდებს ძალის გამოყენებას,"-განაცხადა ომბუდსმენმა.

დღის ამბები