29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურა მორღვეულია და ინფილტრირებულია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდირების საქმის გამოძიებაში საერთაშორისო პარტნიორებიც უნდა ჩაერთონ, ვინაიდან ქართულ საგამოძიებო უწყებებს საზოგადოების ნდობა არ აქვთ. მისი შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურა მორღვეულია და რომ არა უკრაინის სპეცსამსახურები, შესაძლოა, ვერაფერი გაგვეგო. 

"ჩვენ ვითხოვთ, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას, იქნება ეს ამერიკული მხარე, თუ სხვადასხვა მოწინავე, ევროპული ქვეყნებისა და სპეცსამსახურების ჩართვას გამოძიებაში, რადგან არანაირი ნდობა ქართულ საგამოძიებო უწყებებსა და სპეცსამსახურებს არ გააჩნიათ. როდესაც ვსაუბრობთ კრემლის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის, ხოლო საქართველოში მისი გამოვლენაც კი არ ხდება. შეიძლება გიორგი გაბუნიამ მადლობა გადაუხადა სუს-ს, რადგან ადამიანის სიცოცხლის დაცვა უმთავრესი ღირებულებაა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს სპეცსამსახურები დღეს ამ ღირებულების დაცვით არ არიან დაკავებულები. ისინი მეტად არიან ჩართულნი ბიძინა ივანიშვილის მფარველობით, მისი პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ხელის დაფარებით, ქურდების შემოშვებით, მათ შორის ჩატაევზე, ადამიანზე, რომელიც იყო აისის-ის საველე მეთაური, "ქართულმა ოცნებამ" ის გაათავისუფლა, გავიდა ქვეყნიდან და შემდეგ იმგვარად შემოვიდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა.

მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ზოგად კონტექსტში ჩავსვათ ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი და ზოგად კონტექსტში აღვიქვათ ის საფრთხე, რომლის წინაშეც არა მხოლოდ გიორგი გაბუნია დადგა, არამედ რომლის წინაშეც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება დადგეს, როდესაც მორღვეულია ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურა. როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურა ინფილტრირებულია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და როდესაც ამგვარად შეუძლიათ ითარეშონ კადიროვის მიერ გამოგზავნილმა კილერებმა ისე, რომ საერთოდ არაფერი შეიძლება ვიცოდეთ ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ, რომ არა უკრაინის სპეცსამსახურები,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

დღის ამბები