29 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
პანდემიის დროს ბიუჯეტიდან მიღებული 40 000 ლარი - ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანია ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდა

"ზესტაფონპროექტი", რომელსაც თეიმურაზ წიწილაშვილი და ნოდარ მესხიშვილი ფლობენ, უკვე წლებია ქალაქში ტენდერებს იგებს. ფირმას 43 მოგებული ტენდერიდან, ჯამში,      300 000 ლარამდე საბიუჯეტო თანხა აქვს მიღებული.

კომპანიის საქმიანობას მონიტორინგს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური უწევს, რომელსაც "ზესტაფონპროექტის" დიექტორის, ნოდარ მესხიშვილის, შვილი ხელმძღვანელობს. მერიის თანამშრომელი და კომპანიის დირექტორი ამტკიცებს, რომ ინტერესთა კონფლიქტის მიუხედავად, მიკერძოება გამორიცხულია.

მამის კომპანიის მიერ უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებში საეჭვოს ვერაფერს ხედავს თავად მერიის მაღალჩინოსანიც. არქიტექტორის სამსახურის უფროსი ნეპოტიზმს გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ "ზესტაფონპროექტს" არც სატენდერო და არც მონიტორინგის კომისიიდან არასდროს დახმარებია. თუმცა, დავით მესხიშვილი "კურიერთან" ვერ იხსენებს ხარვეზს, რომელიც მამის კომპანიის საქმიანობაში აღმოაჩინა.

მამა-შვილისგან განსხვავებით, "ზესტაფონპროექტის" საქმიანობაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი. გოგი წულაიას მტკიცებით, მერიის თანამშრომელი მამა-შვილის საქმიანობა ნეპოტიზმისა და კორუფციის მაგალითია.

მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების და ოჯახური ინტერესების შესახებ "კურიერის" დასმულმა შეკითხვამ დღეს საკრებულოს უმრავლესობის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. კობა გაჩეჩილაძემ ჯერ გადამღები ჯგუფის კაბინეტიდან გაგდება სცადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ თვითმმართველობის ჩატარებულ ტენდერებზე ინფორმაციას არ ფლობს.

"ზესტაფონპროექტის" სატენდერო წარმატებებს კი ქალაქის ვიცემერი ბაზარზე კონკურენტების არარსებობას უკავშირებს.

თითქმის უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები და საბიუჯეტო თანხები, რომლებსაც მერიის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები იღებენ - ეს ზესტაფონის დღევანდელი რეალობაა. დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო უწყება "ზესტაფონპროექტის" მოგებული ტენდერების კანონიერებით, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები