29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - ვინ და რატომ გეგმავდა გიორგი გაბუნიას მკვლელობას

ივლისში გიორგი გაბუნიას სკანდალური მიმართვის გავრცელებიდან ერთი წელი შესრულდება. არსებობს ვერსია, რომ ჟურნალისტის მკვლელობაც, სიმბოლურად, ამ თარიღს უნდა დამთხვეოდა. გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მისი დაცვის წევრებმა საეჭვო გადაადგილება შენიშნეს და არ გამორიცხავს, რომ მას ბოლო პერიოდში სისტემატურად უთვალთვალებდნენ. იმავე ვერსიაზე "კურიერთან" საუბრობს გიორგი გაბუნიას ერთ-ერთი მეზობელიც.

კონკრეტულ ვერსიებს გამოძიება ამ დრომდე არ ასაჯაროებს. სუსმა განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაზე ღიად ისაუბრა. ამ ბრიფინგიდან მალევე, საგამოძიებო უწყებამ განცხადების გავრცელებით დაადასტურა, რომ გამოძიება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა ვინ იყო სავარაუდო მსხვერპლი, ამას ოფიციალურად ამ დრომდე არ ასახელებს. უწყებას, ასევე, არ განუმარტავს, რა კავშირი აქვს ამ საქმეს უკრაინასთან. როგორც "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში ისე მიმდინარეობდა, რომ ოფიციალურ კიევს საქართველოსთვის არ შეუტყობინებია.

რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თუმცა მის მიმართ წაყენებული ბრალი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვასა და გამოყენებას გულისხმობს. ამ დრომდე უცნობია თავად ბრალდებულის პოზიცია.

დუმილს არც სუსი არღვევს. სიჩუმე კი არ მოსწონს სამოქალაქო სექტორს. მედიამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით მთავრობას საჯაროობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, საქმის ბუნდოვან დეტალებზე საზოგადოების კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

რასთან გვაქვს საქმე? როცა საუბარია რუსეთზე, ამ კითხვის დასმაც კი ზედმეტად მიაჩნია ოლეგ პანფილოვს, ჟურნალისტს, რომელიც პუტინის რეჟიმს საქართველოში გამოექცა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ დევნიან და კლავენ განსხვავებულ აზრს ტოტალიტარულ სახელმწიფოებში.

დიქტატორის შეწუხება დასჯადია, ამის არაერთი მაგალითი არსებობს, - ამბობენ უსაფრთხოების ექსპერტები, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ პუტინის დავალებით, კადიროვს ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა შეეკვეთა არამხოლოდ პირადი შურისძიების, არამედ უფრო დიდი მიზნებისთვის.

უკრაინის შესაბამისი უწყებებისგან "კურიერი" კითხვებზე პასუხს ამ დრომდე ელოდება. რამზან კადიროვის პრესსამსახურს კი ქართულ მედიასთან კონტაქტი არ სურს.

გასული წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომელიც ვლადიმირ პუტინს ეძღვნებოდა, მაშინვე მუქარით გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი. შედარებით მშვიდად სცადა კომენტარის გაკეთება რუსეთის პრეზიდენტმა.

იყო თუ არა თბილისში დაკავებული ბოკოვი კადიროვის ამ მუქარის პირდაპირ შემსრულებელი? -  პასუხს მედია და საზოგადოება უკვე მეოთხე დღეა ელოდებიან.

სუსის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი მხოლოდ ისაა, რომ ბოკოვის დაკავება ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვის გამო განხორციელდა, თუმცა, იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული სხვა უფრო მძიმე დანაშაული.

 

 

დღის ამბები