29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
52 წლის მამაკაცის გარყვნილი მიმოწერა 10 წლის გოგონასთან - მსხვერპლის დედა "კურიერთან" დეტალების შესახებ ყვება

54 წლის მამაკაცი, სოციალური ქსელის გამოყენებით, არასრულწლოვნებს საკუთარი შვილის სახელით შექმნილი პროფილით უკავშირდებოდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ კონკრეტული ამბის ისტორია 2 წლის წინ იწყება, როდესაც ახლა უკვე ბრალდებულმა 54 წლის მამაკაცმა მაშინ 10 წლის გოგონას "ფეისბუქზე" მისწერა, გაეცნო, როგორც 22 წლის ბიჭი და მალევე სექსუალური შინაარსის მესიჯების და ფოტო-ვიდეოების გაგზავნა დაიწყო. ანალოგიურს ითხოვდა არასრულწლოვნისგანაც. მსხვერპლის დედა, რომელსაც "კურიერმა" უკრაინაში მიაგნო, ყვება, რომ შვილს უცნაური ქცევები შეამჩნია, თუმცა, ვერ იფიქრებდა, რომ მისი შვილი პედოფილის სამიზნე იყო.

სოციალურ ქსელში მიმოწერიდან 2 წლის შემდეგ უკვე 12 წლის გოგონამ დედას სწორედ შანტაჟის შემდეგ მიმართა. უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ ახლა მისი ქალიშვილი ფსიქოლოგთან ინტენსიურ კურსს გადის. არასრულწლოვანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

საქმეში მთავარი მტკიცებულებები სწორედ მიმოწერა და ფოტო-ვიდეო მასალაა. დიალოგით ირკვევა, რომ მამაკაცი არასრულწლოვანს ინტიმური ხასიათის ფოტოების გაგზავნას და ვირტუალურ ურთიერთობას რეგულარულად სთხოვდა.

12 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ მამაკაცი ორ სოციალურ ქსელს იყენებდა. ორივე პროფილზე შვილის ფოტოები ჰქონდა განთავსებული და მეგობრებში სულ 10-დან 15 წლამდე გოგონები ჰყავდა.

მამაკაცის შვილი, რომლის სახელისა და ფოტოების გამოყენებით ბრალდებული არასრულწლოვანს სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, ამბობს, რომ მის მშობელს 12 წლის გოგონა რძლად უნდოდა. მესიჯების შინაარსს კი ის ხუმრობას უწოდებს და ამბობს, რომ გოგონამ მოიტყუა, რომ სრულწლოვანი იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 54 წლის კაცს გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერა 2 წლის განმავლობაში ჰქონდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა. მისი დაკავებისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებებიც არის. ბრალდებულს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები