29 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამ ბრალდებულს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ერთს 20 წლიანი, ორს კი 19-19 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ე.წ "ბავშვთა პორნოგრაფიის" საქმეზე  ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები - მ.პ. და ც.მ. დამნაშავედ ცნო.

"საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები - პ.ლ., მ.პ. და ც.მ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით.

სასამართლოს განაჩენით ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მ.პ-ს და ც.მ-ს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში.

კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სულ 22 პირია ბრალდებული, მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და მასწავლებლები, აქედან ყველას 17-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. მათ შორის, ვინც საპროცესო შეთანხმებას აწერს ხელს, იქნება ამერიკის მოქალაქეც, რომელიც სქემის ორგანიზატორად ითვლება. მას საგამოძიებო უწყება 10 წლიან პატიმრობას და 20 ათას ლარიან ჯარიმას სთავაზობს.

დღის ამბები