"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
ნიკა გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ, ჟურნალისტის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მათ რამდენიმე კვირის წინ მიიღეს და საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდეს.
"ის ფაქტი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლება გვიტევს, არამედ გვიტევს ბოროტების მთავარი ღერძი რუსეთი, გასაკვირი არ არის. ეს დაიწყო "რუსთავი 2-ში", დაგვგმო რუსეთის დუმის ორივე პალატამ, დაგვგმო რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა, ბოროტების მთავარმა სიმბოლომ. ეს პატივიც არის და საშიშიც, ამას იმთავითვე ვაცნობიერებდით.
გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკის შემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გიორგი გაბუნიას პირადი უსაფრთხოების დაცვა. ამის ნაცვლად, იმავე საღამოს მივიღეთ გიორგი გაბუნიას დამგმობი განცხადებები მთავრობის ყველა წევრის მხრიდან.
არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, ჩვენთვის ეს ფაქტი ცნობილია რამდენიმე კვირაა, მაგრამ რაკიღა მედიაში გაჟონა, ვალდებული ვართ განვაცხადოთ საჯაროდ, კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას, "მთავარი არხის" და არა მხოლოდ ამ არხის, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის და არამხოლოდ ჟურნალისტიკის, ქვეყნის გამორჩეული სახის, ფიგურის, მოქალაქის ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, დაკვეთით.
თვეების განმავლობაში გირგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ, ჩვენ იმთავითვე გავაძლიერეთ მისი დაცვა, რამდენჯერმე ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ თვალთვალი იყო გაბუნიაზე, მაგრამ არ დაგიმალავთ, ვიფიქრეთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, საბოლოო ჯამში, დაკავებული იქნა ეს მოქალაქე სხვა წინაპირობით, მაგრამ ამ რეალური მიზეზით,"- აცხადებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.