29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
სუს-მა აჭარაში ქრთამის აღებისა და ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სახელმწიფო მოხელე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

სუს-მა სახელმწიფო მოხელე დააკავა. ბრალდება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაა. ოპერატიული სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები აჭარაში მიმდინარეობდა.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი, ექსპერტი და კიდევ ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო მოხელემ, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრია, მოქალაქეს სოფელ ჭარნალში, მიწის ნაკვეთისა და შენობების საკუთრების უფლების აღიარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 4 000 დოლარი გამოართვა. ექსპერტმა კი 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ყალბი დასკვნა მოამზადა.

სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით, არ ჩანიშნულა. შესაბამისად, უცნობია, აღიარებენ თუ არა ბრალს დაკავებულები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც 2014 წლიდან აღიარების კომისიის მოწვეული სპეციალისტია, ის მერაბ კახიძე გახლავთ. მერაბ კახიძე ამავდროულად აჭარის გარემოს დაცვის სამსახურში მიწის მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობასაც იკავებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის გუშინ საღამოს 6 საათზე საკუთარ საცხოვრებელში ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, კერძოდ საქმე ეხება სოფელ ჭარნალში ერთ-ერთი პირისგან მიწის აღიარების სანაცვლოდ 4 000 დოლარის ქრთამის სახით აღებას. საქმეზე დაწყებულია გამოძიება როგორც ქრთამის აღების, ასევე ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

"გამოძიებით დგინდება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსმა, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრია, მოქალაქეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების საკუთრების უფლებით აღიარების სანაცვლოდ ერთი პირის დახმარებით ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი გამოართვა. აგრეთვე ექსპერტმა ზემო აღნიშნული პირების მითითებით ყალბი ექსპერტიზის დასკვნა დაამზადა," - განაცხადა სუს-ის გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ.

"კურიერი" შეეცადა მერაბ კახიძის საქმიანობასთან დაკავშირებით მეტი დეტალი გაერკვია, თუმცა არც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და არც მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე საქმის კურსში არ არიან თუ კონკრეტულად რას ედავება და რომელ ქეისზეა დაწყებული გამოძიება.

მიწის აღიარების კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მერაბ კახიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში არასდროს შეუმჩნევიათ.

"დღეს ან ხვალ ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და ნათელი მოეფინება ყველა ფაქტს. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის ფაქტობრივი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი. არასამუშაო დღეს მოხდა აღნიშნული პიროვნების აყვანა. მოწვეული იყო კომისიაში, გარემოს დაცვის წარმომადგენელი იყო და მისი მოვალეობა და ფუნქცია იყო როგორც რიგითი კომისიის წევრი," - აცხადებს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე თემურ ხალვაში.

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ კორუფციული გარიგებები ფართ მასშტაბებზეა გასული. 

"ფართო მასშტაბებზე არის ეს კორუფციული გარიგებები გასული, თუმცა როგორც "ქართულ ოცნებას" სჩვევია, რიგით თანამშრომლებს ატეხავს თავს. ცუდია, რომ ვიღაცას დაიჭერენ, თუმცა კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი. ჩვენ მიწის აღიარების კომისიაში გვაქვს დიდი ხანია უკვე პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადებები აქვთ შემოდებული თაროებზე და არ ხდება განხილვები," - აცხადებს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მიშა ბოლქვაძე.

დღის ამბები