29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
მიტროპოლიტი იობი საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირებისგან აღსარებას აღარ იბარებს

წერილს, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიის ტერიტორიაზე გავრცელდა, ერთი ავტორი და ბევრი ადრესატი ჰყავს. მეუფე იობმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ სასულიერო პირებს უთხრა, რომ ახალი სულიერი ლიდერი უნდა ეძებონ. მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც მღვდელმსახურებმა პირადად მიიღეს, ეპარქიის სამდივნოს ნომრით დაიგზავნა. წერილის გავრცელების შემდეგ მეუფე იობი აღსარებას აღარავისგან იბარებს.

სასულიერო პირებს შორის უთანხმოება ეპარქიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი წინამძღვრის  დაპირისპირება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დასრულდა. აღდგომის ღამეს მღვდელმსახურების სისხლიან გარჩევას, სავარაუდოდ, ეპარქიის წინამძღოლიც შეესწრო. უკავშირება თუ არა მეუფე იობის ბოლო გადაწყვეტილება ყინწვისში მომხდარ ფაქტს, უცნობია.  ფაქტი კი ერთია - მიტროპოლიტის ამ ნაბიჯით ერთ-ერთ დიდ ეპარქიაში მღვდლები სულიერი მამის გარეშე დარჩნენ. იმაზე, რაც ოფიციალურად უკვე დადასტურებულია, ეკლესია-მონასტრების მსახურების ნაწილს საჯაროდ საუბარი არ სურთ.

იმას, რაზეც ხმამაღლა საუბარს სასულიერო პირები გაურბიან, ეპარქიის სამდივნოში ადასტურებენ. მეუფე იობის მდივანი გადაწყვეტილებას მიტროპოლიტის გადატვირთული სამუშაო განრიგითა და ხელნაწერებზე მუშაობის გამო დროის უქონლობით ხსნის.

სულიერი შვილებისთვის აღსარებაზე უარის თქმა წარმოუდგენელია თბილისში მოღვაწე მღვდელმსახურებისთვის. მამა შალვა კეკელია გადაწყვეტილების მიზეზის პოვნას ცდილობს, თუმცა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას გაკვირვებას ვერ მალავს.

მეუფე იობის დამოუკიდებელი და უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ეპარქიაში დიდი ცვლილებების მიზეზი გახდება. სასულიერო პირების იმ ნაწილმა, რომლებიც აღსარებას მიტროპოლიტს აბარებდა, შესაძლოა ეპარქიის საზღვრები დატოვოს და თავშესაფრის ძებნა სხვა საეკლესიო თემში დაიწყოს.

მიმდინარე პროცესები საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მეუფე იობის უპირობო გადაწყვეტილების შემდეგ სასულიერო პირებმა ახალი სულიერი მოძღვრის ძებნა დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია, მოუწევთ თუ არა რუის-ურბნისში მოღვაწე მღვდელმსახურებს ეპარქიის დატოვება.

დღის ამბები