29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
მსოფლიოში სახელოვნებო სფეროები პოსტკოვიდურ პერიოდში გადარჩენისთვის იბრძვიან

მსოფლიოში სახელოვნებო სფეროები პოსტკოვიდურ პერიოდში გადარჩენისთვის იბრძვიან. ბრიტანეთი თეატრების დახურვის გამო ზარალს ითვლის, ხოლო კინოინდუსტრიის გარშემო მსახიობები და რეჟისორები ერთიანდებიან.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იხსნება ევროპის ცნობილი მუზეუმებიც, თუმცა იქ დამთვალიერებლებს შესვლა თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ მოუწევთ და ექსპოზიციის ნახვას მხოლოდ 2 მეტრიანი დისტანციით შეძლებენ.

პანდემიის გამო რამდენიმე თვე დახურული იყო ხელოვნების გალერეა, რომელშიც მე-14 საუკუნიდან დღემდე ევროპული და მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული, მათ შორის, რუბენსის, კარავაჯოს, ტიციანის, ველასკესის, ფრანსისკო გოიას და ჰიერონიმუს ბოსხის შედევრები. პრადოს მუზეუმში ვიზიტორებს ექსპოზიციის ნახვა თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, 2 მეტრიანი დისტანციით მოუწევთ.

2 თვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ ლუვრ ლენსის მუზეუმიც გაიხსნა და უკვე პირველი სტუმრებიც მიიღო. მუზეუმი, რომელიც ლუვრის ფილიალს წარმოადგენს, საფრანგეთის ქალაქ ლენსში 2012 წელს გაიხსნა და ის  ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის 300-მდე ხელოვნების ნიმუშს ინახავს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუზეუმი ვიზიტორებს შეზღუდული რაოდენობით მიიღებს. მუზეუმში შესვლამდე სტუმრები დაიცავენ ჰიგიენურ ნორმებს, სავალდებულოა პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირება.

დიდ ბრიტანეთში პოსტკოვიდურ პერიოდში თეატრები გადარჩენისთვის იბრძვიან. ბრიტანელებისთვის წმინდათა წმინდა თეატრი ახლა შემოქმედებითი ცხოვრების ურთულეს პერიოდს გადის. ის არამარტო კულტურული ცხოვრების ნაწილი, არამედ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი საყრდენი ძალაა. ყოველწლიურად თეატრს 34 მილიონი ადამიანი სტუმრობდა და გაყიდული ბილეთები ჯამში 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. გადარჩენისთვის იბრძვის შექსპირის გლობუსის თეატრიც, "კოვიდ-19-ის" გამო მისი კარი ხანგრძლივი ვადით დაიხურა. იმავე მდგომარეობაშია ჰეკნის იმპერიაც და რაც მთავარია, ბურუსით არის მოცული, როდიდან იქნება შესაძლებელი დაუბრუნდეს თეატრი ჩვეულ ცხოვრებას და როგორი იქნება საბოლოო ჯამში პანდემიის შედეგები.

კინოს გადასარჩენად ერთიანდებიან მექსიკელი მსახიობები და რეჟისორები. ინიციატივას ოსკარის მფლობელი გილერმო დელ ტორო, ასევე ალეხანდრო გონზალეს ინარიტუ და მსახიობი სელმა ჰაიეკიც შეუერთდნენ. მექსიკის კინოსა და ხელოვნების აკადემიამ ფონდის შექმნის შესახებ ხუთშაბათს განაცხდა. მსახიობები თქმით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ ინდუსტრიას ამ გზით გაუწევენ სოლიდარობას და თავადვე აღმოუჩენენ დახმარებას.

ფონდმა ამ დროისთვის 440 000 დოლარი შეაგროვა, თუმცა ამ საქმეში კიდევ უფრო მეტი დონორის ჩართულობას ელიან. კინოინდუსტრიის ფონდში გაწევრიანებული  თითოეული ბენეფიციარი ერთჯერად ანაზღაურებას დაახლოებით 885 ამერიკული დოლარის ოდენობით მიიღებს. თანხები მობილიზდება პირველ რიგში ასევე მოხდება მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგად კინოინდუსტრიის 30 000-ზე მეტმა თანამშრომელმა შემოსავალი დაკარგა.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები