29 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
კორონავირუსის მზარდი დინამიკა - ბოქსირებულ პალატაში უკვე 9 ინფიცირებული ექიმი მკურნალობს

საქართველოში COVID-19-ის მონაცემები შეიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა უკვე საგრძნობლად აჭარბებს გამოჯანმრთელებულებს. გაიზარდა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ინფიცირებულთა რიცხვიც, რომელთა წყაროს ეპიდემიოლოგებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს. დღეს ვირუსი კიდევ 3 მათგანს დაუდგინდა. ახლა უკვე 9 სამედიცინო პერსონალი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს. მათგან 2 - გორიდან, ერთი - რუსთავიდან და 2 - კასპიდან.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი კასპის რაიონში ინფიცირებული მედიკოსის ოჯახში იმყოფებოდა. ადგილზე "კურიერს" უთხრეს, რომ შესაბამისი შემოწმება უკვე ჩაუტარდათ და თვითიზოლაციის მკაცრი გაფრთხილება მიიღეს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის შიდა გავრცელება დაიწყო. ამის თქმის საფუძველს ინფიცირებულთა ის სტატისტიკური მონაცემები იძლევა, რომელიც ყოველდღიურად დასტურდება. ამიტომ იმუნოლოგები არ გამორიცხავენ კარანტინის და ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა ისევ საჭირო გახდეს.

ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგ ამირან გამყრელიძეს მიაჩნია, რომ ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ინფიცირებულთა რაოდენობა შეზღუდვების ხელახლა დაწესების მიზეზი ვერ გახდება.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი საფრთხეებს საზოგადოების თავისუფლებაში ხედავს. თენგიზ ცერცვაძე თეორიულად არ გამორიცხავს, რომ ზომები ისევ გამკაცრდეს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი შეინარჩუნოს მწვანე ზონის სტატუსი.

სპეციალისტების ვარაუდით, ვირუსის პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება. კორონავირუსს არ აღმოაჩნდა ისეთი სეზონურობა, როგორიც სხვა ნებისმიერ რესპირატორულ ვირუსს.

ახლა მსოფლიო და საქართველო ვირუსის პირველი ტალღის ნარჩენებს ისევ ებრძვის. ინფექციონისტები ვარაუდობენ, რომ ეს ნარჩენები ერთ თვეში დასრულდება და COVID-19-ის მეორე, უფრო მძლავრი ტალღა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.

დღის ამბები