29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ატლანტაში პოლიციის მიერ უკვე მეორე შავკანიანი მოქალაქის მკვლელობის გამო აქციები განახლდა

ამერიკის შეერთებული შტატები ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების, ფიზიკური დაპირისპირებების, ვანდალური ქმედებების ეპიცენტრად შესაძლოა კიდევ ერთხელ იქცეს. ატლანტაში პოლიციის მიერ მოკლული უკვე რიგით მეორე შავკანიანი მოქალაქის გამო აქციები განახლდა.

ცოტა ხნის წინ ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიურომ საზოგადოების მხრიდან მოსალოდნელი ძალადობრივი დემონსტრაციების თავიდან ასარიდებლად მომხდარი შემთხვევის კადრები გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, როგორ გაურბის შავკანიანი მამაკაცი პოლიციას, პირველ გასროლასაც ერთ-ერთი პოლიციელისთვის წართმეული ელექტროშოკერიდან თავად ახორციელებს, რის შემდეგაც საპასუხოდ ნასროლი ტყვია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

კიდევ ერთი შავკანიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობის გამო ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. ინციდენტში მონაწილე ორივე პოლიციელი კი სამსახურიდან დაითხოვეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, საგამოძიებო ბიურომ პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ორი პოლიციელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით მოსალოდნელი საპროტესტო ტალღა შეაჩერა, რაც სიტუაციის განმუხტვას ხელს შეუწყობს, მით უმეტეს მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, უკონტროლო ქმედებები და საზოგადოებრივი დისტანციის წესების უგულებელყოფა კი ვირუსის გავრცელების შანსს ზრდის.

27 წლის რეიშარდ ბრუქსს პოლიციის ოფიცერმა პარასკევს საღამოს ესროლა. ინციდენტი  სწრაფი კვების  ობიექტთან მოხდა. სამართალდამცველები რესტორნის მეპატრონემ გამოიძახა, რადგან ერთ-ერთ მძღოლს საჭესთან ეძინა და სხვა მომხმარებლებს აფერხებდა. მძინარე მძღოლი 27 წლის რეიშარდ ბრუქსი აღმოჩნდა, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები