29 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
პირბადის ტარების წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება - კანონი ძალაში ხვალიდან შედის

პირბადის წესების დაცვით ტარებას ახლა უკვე კანონი დაარეგულირებს. რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, უკიდურესი ფორმებისთვის მიემართა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დამცავი ნიღბის გარეშე ყოფნა დასჯადი ხდება.

საჯარო დახურულ სივრცეში უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება. დამრღვევთან ერთად სანქცია დაეკისრება საჯარო სივრცის მფლობელსაც, თუმცა ამ შემთხვევაში საურავი 500 ლარით განისაზღვრა.

სანქციები ვრცელდება მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის დროსაც. ამ შემთხვევაშიც 20 ლარით დაჯარიმდება ყველა ის პირი, რომელიც პირბადის ტარების წესს დაარღვევს. სახის დამცავი ნიღბების წესების დაცვით ტარება სავალდებულოა ტაქსებშიც.

პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა. ცვლილებას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმაც. სანქციების მიზანი ერთადერთია - დაცული იყოს საზოგადოების ჯანმრთელობა და ადამიანების უსაფრთხოება.

ჯარიმები განისაზღვრა ქორწილის, ნათლობის, დაბადების დღისა თუ ქელეხის გადახდის მიზნით 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაშიც. მსგავს ფაქტზე ფიზიკური პირი 2 000, ხოლო იურიდიული 10 000 ლარით დაჯარიმდება.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც მისი გამოყენების შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემა ექმნებათ. თუმცა ამ შემთხვევაში სავალდებულოა ექიმის შესაბამისი ცნობის წარდგენა. სანქციები ძალაში ორშაბათიდან შევა და 15 ივლისამდე იმოქმედებს.

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები