29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა 2020 წლის ოქტომბერში არ ჩატარდეს - თარიღის შეცვლა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული

მოქალაქეებს საარჩევნო ყუთთან მისვლა და საკუთარი არჩევნის გაკეთება შესაძლოა 2020 წლის ოქტომბრის ნაცვლად დეკემბერში ან იანვარში მოუწიოთ. ამომრჩევლები და პოლიტიკოსები ამ სცენარით იმ შემთხვევაში იმოქმედებენ, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი გაუარესდება და კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. პირველი საჯარო განცხადება საარჩევნო თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ტელეეთერით გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებამ დღეს სრულიად ოპოზიციური სპექტრი აალაპარაკა. საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლება პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა. მათი შეფასებით, პანდემია მმართველი გუნდისთვის მხოლოდ საბაბია, რომ არჩევნები გადაიდოს.  

დამოუკიდებელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ ველზე ბუნდოვნების შემოტანას ცდილობს. დეპუტატების მტკიცებით, "ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში პარტიულ რეიტინგებს ელოდება, რის შემდეგაც მმართველ პოლიტიკურ ელიტაში არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. დამოუკიდებელი დეპუტატების მეორე ნაწილისთვის კი, საპარლამენტო არჩევნების თარიღის ცვლილება ლოგიკურია, ოღონდ შესაბამისი პოლიტიკური კონსენსუსის გზით.

უფრო მწვავე იყო შეფასებებში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მიმართ არასაპარლამენტო ოპოზიცია. მათ ირაკლი კობახიძის განცხადებაში ამოიკითხეს გეგმა, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გადავადებისთვის ემზადება, ამ ფორმით კი ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ცდილობს. ოპოზიცია სახელისუფლებო პარტიის ლიდერებს აფრთხილებს, არ დაუშვან პანდემიით მანიპულირება.

ოპოზიციის ბრალდებები მმართველი გუნდისთვის იაფფასიანი სპეკულაციაა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური სურათით ხელმძღვანელობს და დაიცავს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ნორმას. საგანგებო მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით აკრძალულია.

ქვეყანაში არჩევნების ჩატარების კონსტიტუციური თარიღი ოქტომბერია. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს, მთავარი კანონის მიხედვით, არჩევნები ვერ ჩატარდება. კონსტიტუციის თანახმად, ხმის მიცემის თარიღი დაინიშნება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 და არაუადრეს 45 დღისა.

დღის ამბები