საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში ეპიდვითარება მწვავდება. ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსს 5, რუსეთში კი 119 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე "კოვიდ-19"-ის 17,000 ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 269 ადამიანი. კრიტიკულია ვითარება რუსეთშიც, სადაც "კოვიდ-19" უკვე ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვი მზარდია თურქეთსა და აზერბაიჯანშიც.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 22 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 711 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მოქალაქეები, რომლებიც ვირუსს ორგანიზმში არსებული ანტისხეულებით გადაურჩნენ, ახლა საკუთარ სისხლს სხვა ინფიცირებულების დასახმარებლად გასცემენ. ვაქცინის შექმნამდე ანტისხეულებით პაციენტების დახმარება ნომერ პირველ მეთოდად რჩება.
მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც პანდემია თითქოს დასრულდა, ინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ ფიქსირდება. კორონავირუსის ახალი კერები გაჩნდა ჩინეთსა და იაპონიაში. პეკინში კორონავირუსის ახალი კლასტერის გამო 11 უბნის მოსახლეობა კარანტინში გადაიყვანეს. უბნები, სადაც შეზღუდვები დააწესეს, "ხინფადის" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც ახალი კლასტერის წყაროდ მიიჩნევენ. 11-ვე უბანში დახურულია ყველა საჯარო დაწესებულება. ტოკიოში კი გასული 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19-ის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეს მაისის შემდეგ იაპონიის დედაქალაქში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ვირუსი უკან დახევას არ აპირებს, რაც იმის ნიშანია, რომ საზოგადოებას კიდევ დიდხანს მოუწევს პირბადეების ტარება, პანდემიურ მსოფლიოში აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რამდენად შეუძლია სხვადასხვა დიზაინის არასამედიცინო წარმოების პირბადეს, ისევე ეფექტურად დაიცვას ადამიანები ინფიცირებისგან, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ სამშრიან სამედიცინო პირბადეს.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ "კოვიდ-19"-ის ვაქცინაზე მომუშავე კომპანია "ასტრაზენეკასთან" ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო შესაძლო ვაქცინის 400 მილიონ დოზას მიიღებენ. კომპანიის განცხადებით ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება.