29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
პოლიტიკური კალენდრის საკუთარ გეგმებზე მორგების მცდელობა - დამოუკიდებელი დეპუტატები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და შესაბამისად არჩევნების გადადების შესახებ, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ეხმაურებიან.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდვითარება გართულდება და ამან შესაძლოა არჩევნების ჩატარების თარიღს საფრთხე შეუქმნას, გარკვეული დროით ადრე უნდა გახდეს ცნობილი.

"ეს არის თავის დაზღვევის მცდელობა და მეორეს მხრივ ბუნდოვანების შემოტანა პოლიტიკურ ველზე. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია "ქართული ოცნება" აპირებს, რომ ძალიან მალე განიხილოს ის შედეგები, რომელიც მათი კვლევის შედეგად იქნება და ამ კვლევების შედეგად გადაწყვეტენ, თუ ძალიან ცუდი მდგომარეობა ექნებათ, ეცდებიან, რომ არჩევნები გადასწიონ, იქნებ რაიმე პოზიტივი მიიღონ. თუკი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდება, ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და წინასწარი პროგნოზებიც არსებობდეს," - განაცხადა  ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ არჩევნების თარიღის ცვლილება დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს.

"ქართული ოცნება" თუ უკვე იხილავს, რომ შესაძლოა არჩევნები გადაიტანონ, მე მგონია, რომ უფრო ჰგავს რაღაც პოლიტიკური კალენდრის საკუთარ გეგმებზე მორგების მცდელობას, ეს პრეცენდენტიც ბუნებრივია ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. გახსოვთ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს საპარლამენტო არჩევნების თარიღმა გადაიწია, ამან ძალიან დიდი ვნებათაღელვა და კონფლიქტური მღელვარება გამოიწვია. იმედი მაქვს, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრება კობახიძის და არა გეგმის გახმოვანება," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში კი მიიჩნევს, რომ არჩევნების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მიიღოს, თუ ამის საჭიროება დადგა.

"ეს გამოიწვევს გარკვეულ მანიპულირების რისკებს და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ინტერესებშიც უნდა იყოს გარკვეული გადავადება. მაგრამ ვადის გადაწევა და შეცვლა არჩევნების არ უნდა მოხდეს ერთპარტიული და ცალმხრივი გადაწყვეტილებით. ახლა მაინც "ქართულმა ოცნებამ" უნდა უზრუნველყოს საერთო დიალოგის ფორმატი ყველა ოპოზიციური პარტიისა და ფრაქციის ჩართულობით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუკეთესო, ოპტიმალური გადაწყვეტილება," - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ თუ COVID-19-ის მეორე ტალღა ოქტომბრამდე გაგრძელდება და მთავრობას ოქტომბერში კიდევ ერთხელ მოუწევს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები დეკემბერში ან იანვარში ჩატარდეს.

მისივე თქმით, კონსტიტუციით გათვალისწინებულ რეგულაციებზე საუბრობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ დადგება.

დღის ამბები