29 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზებისთვის მნიშვნელოვანია პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა - ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილის ინიციატივაზე

საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არ ეთანხმება "გირჩი". ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზებისთვის არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობაა საჭირო, "გირჩის" ლიდერის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი ისევ ძველ თამაშს გააგრძელებს, 2 არჩევანთან დაკავშირებით:

"თუ ჩვენ გვინდა მაქსიმალური მობილიზება ოპოზიციური ელექტორატის, ამისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა, სხვა შემთხვევაში,  თუ ერთიანი სია გაკეთდება, ეს საშუალებას მისცემს ივანიშვილს, რომ იგივე თამაში ითამაშოს, რაც აქამდე ითამაშა ყველა არჩევნებზე - იქით "ნაცები" არიან და აქეთ "ოცნება" და ამ ორს შორის არის არჩევანი.

მგონია, რომ ეს განცხადება უფრო გათვლილია იმაზე, რომ ასეთი ერთიანი სია ვერ შედგება და ოპოზიციის მარცხის შემთხვევაში, მას სათქმელი ჰქონდეს არჩევნების შემდეგ, რომ აი, მე ხომ ვიძახდი ერთიანი სია უნდა ყოფილიყო და ამ შემთხვევაში მოიგებდითო," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ კიევიდან მოუწოდებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჯერად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიესალმება ნაბიჯებს, რომლებიც მაჟორიტარების კუთხით კოორდინაციისთვის გადაიდგა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ყველამ უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს.

დღის ამბები