29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
უნდა დადგეს თუ არა აშშ-ში საქართველოს ელჩის პასუხისმგებლობის საკითხი კონგრესმენების ანგარიშის გამო - დავით ზალკალიანის პასუხი "ღამის კურიერის" ეთერში

"რას აკეთებს საქართველოს საელჩო ამერიკაში, თუკი მინისტრს უწევს დღეს ასეთ კონკრეტულ საკითხზე დეტალური საუბარი და  ხომ არ უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი" - წამყვანის შეკითხვაზე ღამის კურიერში საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ელჩი თავის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს. 

"საქართველოს ელჩი ამერიკაში არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი, რომელიც საქართველოს ინტერესების დასაცავად ყველაფერს აკეთებს. შედეგი არის ის, რომ როგორც არასოდეს, დღეს ყველაზე მაღალია ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობა,"- აღნიშნა ზალკალიანმა. 

ვის მოეთხოვება თქვენს უწყებაში პასუხი ამ ჩანაწერზე? - ამ კითხვით მიმართა წამყვანმა საგარეო საქმეთა მინისტრს.

"ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ძალა არ აქვს. მე არ ვაკნინებ ამ დოკუმენტის მნიშვნელობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აღმასრულებელი ან საკანონმდებლო დატვირთვის დოკუმენტია. ამასთან, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ დოკუმენტში საკმაოდ დიდი ნაწილი პოზიტიურია. როგორ შეიძლება თანამშრომლის პასუხისმგებლობა დააყენო იმაზე, სადაც საელჩოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია."- აცხადებს დავით ზალკალიანი. 

"ერთი თვე გავიდა სენატორი რიშის განცხადებიდან, რომელშიც მან აღნიშნა რომ ელოდებოდა საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებდნენ 8 მარტის შეთანხმებას. მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას - ამას საელჩოს ეფექტურად მუშაობას უწოდებთ? - მიმართა "ღამის კურიერის" წამყვანმა საგარეო საქმეთა მინისტრს. 

"კონგრესმენი რიში საქართველოს მეგობარი და უაღრესად გამოცდილი ადამიანია. ჩვენ მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვაქვს. თებერვალში მე მას შევხდი და ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა. გავიხსენეთ 2012 წელიც, მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" მოიგო, რიში საქართველოში იმყოფებოდა და მან ძალიან კარგად იცის რა პროცესებთან გვქონდა საქმე. ჩვენი საუბრის დროს, სიტყვა პოლიტპატიმარი გამოყენებული არ იყო,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

დღის ამბები