29 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ვინ მოკლა გენერალი - რატომ გამართლდა მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია და რა მუხლით მიესაჯა მას 6 წლიანი პატიმრობა

მოკლული გენერლის ოჯახის წევრების რეაქცია მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ისევ უპასუხოდ დატოვა კითხვა:  ვინ მოკლა "სტამბოლის" ბაზრის დირექტორი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში.

პროკურატურის 17 თვიანი მუშაობა საგამოძიებო უწყებისთვის უშედეგოდ დასრულდა. მტკიცებულებები, რომლებიც მკვლელობაში ერთადერთი ბრალდებულის წინააღმდეგ მოგროვდა, მოსამართლისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, გიორგი ჭანტურია საბრალდებოდან, მსჯავრდებულის სკამზე მაინც აღმოჩნდა. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღის გამო, მას 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. რის გამოც, გირაოთი გათავისუფლებული ჭანტურია, დღესვე სასამართლო დარბაზიდან საპატიმროში გადაიყვანეს.

გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, დაზარალებული მხარე დარწმუნებულია, რომ პროკურატურის ოფიციალური ვერსია რეალობაა. დამნაშავე კი, რომელმაც რამდენიმე გასროლით ქუთათელაძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, გიორგი ჭანტურიაა. ამ ვერსიის საბოლოოდ დასამტკიცებლად ბრძოლა უკვე სასამართლოს სხვა ინსტანციებში გაგრძელდება.

სხვა დანაშაულის გამო უკვე მსჯავრდებული ჭანტურიას ოჯახი წარსულშიც და ახლაც იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მძიმე დანაშაულთან მათ შემხებლობა არ აქვთ. განსაკუთრებით იმ არგუმენტით, რომ აქვთ უტყუარი ალიბი, რომლის მიხედვითაც, მკვლელობის დროს, ბრალდებული საკუთარ, პირად საქმეზე ბანკში იმყოფებოდა.

დანაშაულის დაბრალების ვერსიას ოჯახი იმ არგუმენტით ამყარებს, რომ საქმის გახსნის მცდელობის ფარგლებში გიორგი ჭანტურია რამდენჯერმე დააკავეს. პირველი აყვანიდან მალევე, ის იმ არგუმენტით გაათავისუფლეს, რომ მხოლოდ მოწმის სტატუსით გამოკითხეს. რვათვიანი ფარული თვალთვალისა და მოსმენის შემდეგ მას ისევ ბრალდებულის სტატუსი მიანიჭეს. მეორედ, დაკავებიდან 9 თვიანი ბრძოლის მიუხედავად, საქმის განხილვა მოსამართლემ ვერ მოასწრო, რის გამოც იძულებული გახდა დაკავებული გაეთავისუფლებინა. დღეს, საბოლოო გადაწყვეტილებით, მას დანაშაული არ დაუმტკიცდა.

ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში იარაღთან დაკავშირებით გამოტანილ გამამტყუნებელ, ხოლო პროკურორი გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს. საგამოძიებო უწყება საკუთარი ვერსიის დამტკიცებას იმ პირდაპირი მოწმეთა ჩვენებებით აპირებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევის ადგილი გიორგი ჭანტურიამ იარაღით ხელში დატოვა. ამავე მოწმეების საუბრით და ადგილზე არსებული კამერების ჩანაწერებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მალევე გამოიცვალა და ტანსაცმელი დანაშაულის იარაღთან ერთად ისე გადამალა, რომ კვალს ვერავინ მიაგნო.

ჭანტურიებსა და ქუთათელაძეს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "სტამბოლის" ბაზრის დირექტორი უარს ამბობდა გადაეხადა სოლიდური თანხა ჭანტურიების მფლობელობაში არსებული სავაჭრო დახლების სანაცვლოდ, რომლის გაყიდვასაც მსჯავრდებული დიდი ხანი უშედეგოდ ცდილობდა.

დღის ამბები