29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
სასაზღვრო რეგულაციები - სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს ტესტირება საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე უტარდებათ

საქართველოში შემოსვლის მსურველმა ყველა მძღოლმა სავალდებულო წესით შემოწმება უნდა გაიაროს. სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისთვის, ვირუსზე მიზნობრივი ტესტირების გავლა სჭირდებათ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ მიღებული რეგულაციების ახალი წესების მიხედვით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ტესტირების ჩატარება სავალდებულოა და უკვე შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მძღოლს ვირუსი დაუდასტურდება, მისი იზოლირებისა და ვირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად, საბაჟოს ტერიტორიაზე სპეციალური სამედიცინო კარავია მოწყობილი.

ეპიდვითარების ეფექტური კონტროლის გამო, შეცვლილია რეგულირების წესები სატრანზიტო მძღოლებისთვისაც. სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას სხვა ქვეყანაში მოხვედრის მიზნით გაივლიან, საგრძნობლად შეეზღუდათ სატრანზიტო ტერიტორიაზე ყოფნის ვადა. თუკი ეპიდემიამდელ პერიოდში მათ ქვეყანაში ყოფნა 20 დღის განმავლობაში შეეძლოთ, ახლა ეს ვადა 24 სთ-მდე შემცირდა.

ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის ახალი წესების მიხედვით, მიზნობრივი ტესტირების ჩატარება შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ სამედიცინო პუნქტებში იქნება შესაძლებელი.

 

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები