29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიები აშშ-ის თვალით - სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტი რელიგიის თავისუფლების საკითხებზე

თანასწორი კონსტიტუციის წინაშე, მაგრამ მაინც უთანასწორო პირობებში - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხს მიმოიხილავს.

2019 წლის მოვლენებს უწყებამ 16 გვერდი დაუთმო. ძირითადად საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს პრივილეგიები, რომელიც სხვა კონფესიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მათ შორის საუბარია გაყიდვებით მიღებული მოგების დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე, მიწის შეძენაზე უშუალოდ სახელმწიფოსგან და არა სატენდერო პირობებით, ასევე საპატიმროებში მხოლოდ მართლმადიდებლური სამლოცველოების არსებობაზე.

რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ ჰქონია საუბარი საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, რაც საბოლოოდ დეპარტამენტის დოკუმენტშიც აისახა. მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესიის ეკონომიკურ პრივილეგიებზე. ის, რომ რელიგიური უმცირესობები სულ უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც აღიქმებიან საფრთხედ. პრობლემად რჩება სიძულვილის ენის ტირაჟრებაც.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა სადავო ნაგებობებს და უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას. სირთულეებს არ უარყოფენ მუსლიმური თემის წარმომადგენლებიც, მაგრამ აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეტაპობრივად პრობლემური საკითხების მოგვარება ხდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეცნობიან თეოლოგობიც. რელიგიურ კონფესიებთან მიმართებაში არსებულ სირთულეებს არ უარყოფენ. მაგრამ ლევან აბაშიძე იმასაც ამბობს, რომ შეუძლებელია იმ პროგრესზე თვალის დახუჭვა, რომელიც ქვეყანამ არაერთი მიმართულებით განიცადა.

საქართველოს საპატრიარქოში ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ოფიციალურ პოზიციას დოკუმენტის შესწავლის შემდეგ დააფიქსირებენ. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ანგარიშს, მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. დოკუმენტს უწყება ყოველწლიურად ამზადებს და რელიგიური თავისუფლების კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს.

დღის ამბები