29 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ემუქრება თუ არა "საქართველოს უმდიდრეს ადამიანს" სანქციები - აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიშს "ოცნება" "დაბალი რანგის დოკუმენტს" უწოდებს

დოკუმენტში სახელწოდებით: "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა" - საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენები არიან უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი და "საქართველოს უმდიდრესი ადამიანი" ბიძინა ივანიშვილი.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს, თუ ორგანიზაციებს კრემლის სასარგებლოდ მუშაობაში ხელს შეუშლიდა.

დოკუმენტს ხელს აწერენ კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ანნა ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სთაილი და მაიკლ უოლცი.

"დაბალი რანგის დოკუმენტი" - ასე შეაფასეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილის მიერ მომზადებული ანგარიში. მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაკეთებული ჩანაწერი წინასაარჩევნო კამპანიასაც დაუკავშირა. მმართველი ძალის წევრებმა დოკუმენტში "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების ხელწერაც ამოიკითხეს.

მმართველი გუნდის ამ ბრალდებებს მალევე უპასუხეს ადრესატებმა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან კავშირი არ აქვთ. "ევროპულ საქართველოში" კი ხელისუფლებას დოკუმენტის ავტორებთან გამართულ არაერთ შეხვედრას ახსენებენ ად ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებები რესპუბლიკელი კონგრესმენების მიმართ შეურაცხმყოფელია.

რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებული ანგარიშს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ კრახს უწოდებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მმართველი პარტიის ლიდერს რეპუტაციის შენარჩუნება სურს 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში უნდა ჩაატაროს.

რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერის გამოძიებას ითხოვს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი დოკუმენტის ავტორების ნაწილთან შეხვედრასაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ კონგრესმენების მხრიდან მსგავსი შინაარსის საუბარს ადგილი არ ქონია.

რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანაწერი მხოლოდ სანქციებს არ ეხება და ის რეკომენდაციებსაც გულისხმობს. დოკუმენტში საქართველოს, როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყნის, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და მხარდაჭერაზეცაა საუბარი.

დღის ამბები