29 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ფულის გამოძალვა 9 წლის გოგონას ფეისბუკგვერდით - საქართველოში დანაშაულებრივი სქემა მოქმედებს

სავარაუდო დამნაშავე, რომელიც დღემდე 9 წლის გოგონას ფეისბუქგვერდით მოქმედებს, ყოველდღიურად ცდილობს, რომ სხვადასხვა ადამიანების პირადი საბანკო ანგარიშიდან თანხას მოტყუებით დაეუფლოს. სოციალური ქსელის იმ გვერდით, რომლითაც არასრულწლოვანი ვეღარ სარგებლობს, მისსავე ახლობლებს ხშირად მისდით შეტყობინება, რომ ფული ჩარიცხონ.

მოზარდის ფეისბუქგვერდით, თაღლითური სქემის ავტორი, მსხვერპლს ეცნობა, როგორც ბავშვის დედა, სთხოვს ჯერ საბანკო ანგარიშს და ბარათის ფოტოსურათებს. ამის შემდეგ კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევით თანხა კონკრეტული პირების გვერდებიდან ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშებზე ირიცხება. ამით გამოძიებას ერევა გზა, რომ დამნაშავეს კვალს გაჰყვეს.

ფეისბუქის ერთი ყალბი გვერდით დაზარალებულები სხვადასხვა რეგიონებში არიან, დანაშაულებრივი სქემა კი ყველა შემთხვევაში ერთნაირია.

ამ დანაშაულის შესახებ ცხრა წლის გოგონას ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაიგეს. როცა ერთ-ერთმა ახლობელმა დაურეკა და დაინტერესდა, რისთვის სჭირდებოდათ ბავშვს თანხასთან ერთად საბანკო ბარათის სურათები. დაზარალებულს უკანონოდ 700 ლარამდე თანხა გამოსძალეს.

დამნაშავე, რომელიც 9 წლის გოგონას სახელით მოქმედებს იდენტიფიცირებული არ არის. გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები