29 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანს - სალომე სამადაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მხარდასაჭერად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, ოთარ კახიძის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულია. 

"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. გიორგი რურუას სისხლის სამართლებრივი დევნა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დატვირთვისაა. იმის გამო, რომ 20 ივნისის შემდეგ აქციებს ეხმარებოდა და ახალგაზრდებს გვერდით ედგა, ამავე დროს, ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის მეწილეა, ეს არის პოლიტიკური სარჩული, ამის გამოა ციხეში და არა იმის გამო, რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა. ეს ბრალდება თავიდან ბოლომდე შეთითხნილია. გიორგი რურუა რომ პოლიტიკური პატიმარია, ამას მხოლოდ "ევროპული საქართველო" არ ამბობს. სენატისა და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ უკვე დაადასტურეს ეს ფაქტი,"-განაცხადა ოთარ კახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს, რადგან მის გათავისუფლებამდე 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ითვლება. 

"ეს პოლიტიკურ პროცესზე ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს. ქვეყანა შევა პოლიტიკურ კრიზისში, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ ვთქვით, 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული, სანამ გიორგი რურუა ციხეშია. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გააძლიერებს გიორგი რურუას. ის, ფაქტობრივად, იქცევა ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ის აუცილებლად დატოვებს საპატიმროს, უბრალოდ, დღეს ვფიქრობთ, რომ ბიძია ივანიშვილმა საკუთარ პოლიტიკურ და სამართლებრივ მომავალს კიდევ ერთხელ გამოუტანა განაჩენი,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა და გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად მან დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები