29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ბოდბისხევში ნაპოვნი ახალშობილის საქმე გახსნილია - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი ჩვილთან დაკავშირებით

ბოდბისხევში ნაპოვნი ახალშობილის საქმე გახსნილია. დედამ აღიარა, რომ იმშობიარა და ბავშვი ბენზინგასამართ სადგურთან დატოვა. ბავშვის მამა აცხადებს, რომ მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა და ცოლი ფიზიოლოგიურ ცვლილებებს სიმსივნით ხსნიდა. ცოლის ორსულობის შესახებ კი მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც მათთან სამართალდამცავები მივიდნენ. მისი თქმით, მას ბავშვის გაზრდა თავად სურს, თუმცა ეჭვობს, რომ განვითარებული მოვლენების გამო ბავშვი დაუბრუნონ. ქალის მეუღლე ასევე ამბობს, რომ არ იცის ჰქონდა, თუ არა ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები

"რომ შეგეხედა ნორმალური ადამიანი იყო და რა ვიცი," - აცხადებს ქალის მეუღლე.

ჩვილი გამვლელებმა დღეს დილით იპოვეს და პოლიციას აცნობეს, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმების თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ დაცემის შედეგად მიიღო.

საავადმყოფოში იმყოფება ახალშობილის დედაც, 40 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკაში თავად მივიდა და იქ აღიარა რომ ბოდბისხევში იმშობიარა და ჩვილი დატოვა. პალატასთან, სადაც ქალი მკურნალობის კურსს გადის, სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან. ექიმის განცხადებით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სისხლდენით მივიდა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ამ დროისთვის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"შევიყვანეთ მცირე საოპერაციოში სადაც სისხლდენა უნდა შეჩერებულიყო, შემდგომ დიდი საშვილოსნოს გამო და პარალელურად შეკითხვებით, გავიგეთ, რომ ამბობდა ვიმშობიარეო, მერე გავარკვიეთ, რომ ბოდბისხევში უმშობიარია და როგორ მოხვდა აქ არ ვიცი. მალევე მოჰყვა პოლიციაც," - აცხადებს ექიმი ლევან ტიგინაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით დაიწყო.

დაუბრუნდება თუ არა ჩვილი დედას ამის შესახებ ჯერ უცნობია, სოციალური სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ გამოძიების მსვლელობისას რა ფაქტები გამოიკვეთება:

"ფაქტების შესწავლის შემდგომ მოხდება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. არაფერია გამორიცხული, გააჩნია შემდგომ რა მოვლენები განვითარდება," - აცხადებს სოციალური მუშაკი ია მერაბიშვილი.

რატომ დატოვა ქალმა თავისი შვილი, ამის შესახებ ახლობლები და მეზობლები ვერ საუბრობენ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი შესაძლოა ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა იყოს.

დღის ამბები