ამ წუთებში გორის საქალაქო სასამართლოში თარაშ კანდელაკის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. კანდელაკს 18 წლის ერეკლე თედიაშვილის ცემაში ედება ბრალი.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები სადაც ჩანს, რომ თარაშ კანდელაკი რესტორნიდან მარტო გამოდის.
"ვიცით ის, რომ ჩემი შვილი მარტო გამოვიდა თავის რესტორნიდან, კამერები ხომ არის. არ მინდა ვიღაცამ რომ ჩათვალოს თითქოს შვილს ვიცავ, არ ვიცავ. იცით რატომ ვართ ჩუმად? იმიტომ, რომ ეს არაჩვეულებრივი ხალხი, დაზარალებული ბავშვის მშობლებს ვუთანაგრძნობთ იმიტომ, რომ მე მომეწონებოდა ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყოს და ამ დროს მეორე მხარის დედა თავის შვილს ხელს აფარებდეს?" - აცხადებს თარაშ კანდელაკის დედა.
დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად კანდელაკის ოჯახის კუთვნილ რესტორანში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ურთიერთ შელაპარაკება მოუვიდა კანდელაკთან და მის მეგობრებთან.
რა გახდა უთანხმოების მიზეზი ეს ამ დრომდე უცნობია. ბრალდებული ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თარაშ კანდელაკს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.