29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიზეზად მან დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.

დღეს პროცესზე ბრალდების მხარის 2 მოწმე უნდა დაეკითხათ, თუმცა გადაიდო, რის შემდეგაც დაცვის მხარემ რურუასთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. 

"აღარ არსებობდა არანაირი საფუძველი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების, იმიტომ, რომ თუკი აქამდე თეორიულად, ბრალდების მხარე ასაბუთებდა საკუთარ პოზიციას, რომ თურმე შეიძლებოდა ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე, ახლა უკვე ყველა მოწმე დაკითხულია და ფიზიკურად ვერავისზე ზეწოლას ვერ მოახდენდა გიორგი რურუა. რაც შეეხება პროცესის ზოგად შეფასებას - ცხადია, რომ ამას არანაირი საერთო არ აქვს სამართალთან და სასამართლოსთან," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ბრალდების მხარე კი ფიქრობს, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ ბრალდება არაერთი მტკიცებულებით არის გამყარებული. 

"ამ ხნის განმავლობაში გამოვკითხეთ და დავკითხეთ 34 მოწმე. გამოვიკვლიეთ სამი ობიექტის ვიდეოჩანაწერები. გამოვიკვლიეთ წერილობითი მტკიცებულებები, ასევე, ის ნივთიერი მტკიცებულებები, როგორიც არის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მაყუჩი; გიორგი რურუას ნერწყვის ნიმუში, ასევე, მისი ტანსაცმელი. ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდების მხარე თვლის, რომ ნამდვილად დაადასტურა ის წარდგენილი ბრალდება, რაც არის,"-განაცახადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

დღის ამბები