29 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
რომელი ქვეყნიდან მიიღებს სტუმრებს საქართველო - მსოფლიოში ვითარება, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს

საქართველო ტურისტებს მწვანე ზონის ქვეყნებიდან 1 ივლისიდან ელოდება. მოლაპარაკებები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან უკვე მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული, ამ ქვეყნებში ეპიდმონაცემები შეიცვალოს. ამის მაგალითია ისრაელი, რომელთანაც საქართველომ უკვე მიღებული შეთანხმება არ გააფორმა. ისრაელში სიტუაცია გაუარესდა და დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქვეყანამ შეაჩერა.

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია მართვადია, საფრთხეები მაინც არსებობს. გამორიცხული არ არის იმპორტირებული შემთხვევების მატებაც. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ფრთხილი და გონივრული ნაბიჯებით რისკებს აზღვევენ და მოქალაქეების ჯანმრთელობას ტურიზმის ამოქმედებას ვერ დაუპირისპირებენ.

როდის დაბრუნდება ყველაფერი თავის ადგილზე - ფერმერი ბაღში, მუშა ქარხანაში, მეცნიერი ინსტიტუტში, მოსწავლე სკოლაში და საჯარო მოხელე ხალხის სამსახურში, არავინ იცის. ეს ვირუსის ქცევაზე და კონტროლზეა დამოკიდებული, თუმცა ფაქტი ერთია - საფრთხე მუდმივად არსებობს და ვიდრე საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს გავხსნით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გააქტიურდება და შეგვიძლია მოვინახულოთ ყველა ის კუთხე, რომელიც ისტორიულად იმსახურებს, ვიცოდეთ, და ჩამოსულ სტუმრებსაც მეტი მოვუყვეთ ჩვენი წარსულის შესახებ.

"აირჩიე საქართველო" ამ სახელწოდებით შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით კამპანია უკვე დაიწყო. მოსახლეობას შეუძლია ამ გზით თავისი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში და ვირუსის გავრცელების რისკებიც დაზღვეული იყოს.

ტურიზმის ინდუსტრია ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მსოფლიოში ტურიზმის ორგანიზაციამ დააანონსა, რომ გლობალურად მოგზაურთა რაოდენობის 80%-ით კლება იქნება, რაც, ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება.

ქვეყანა მომზადებული ხვდება ტურისტების ნაკადებს, რეგულაციებიც სექტორულად უკვე გამოქვეყნებულია, მათ შორის სასტუმროების, გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბიზნესს ვერ უკარნახებს საფასო პოლიტიკას, თუმცა, იმედი აქვთ, რომ ფასები ადაპტირებული იქნება რეალობასთან.

წლის ბოლომდე სპეციალისტების რთულ პერიოდს ვარაუდობენ და ვირუსის მეორე, უფრო მძლავ ტალღას აანონსებენ. გაურკვეველი არის ვაქცინის შექმნის საკითხიც. პარალელურად, მიმდინარეობს სხვადასხვა მედიკამენტის გამოცდაც. ვიდრე COVID-19-ის წინააღმდე ბრძოლის იარაღი არ გვაქვს, ვირუსს 18 წლის წინანდელი მეთოდებით - პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციით უნდა ვებრძოლოთ.

დღის ამბები