29 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
თვითმკვლობის მცდელობა მეუღლის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის გამო - მამაკაცი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მამაკაცი, რომელსაც სასჯელი ძალადობის მუხლით ელის, 5 000 ლარიანი გირაოთია გათავისუფლებული. საუბარია მეუღლის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, რის გამოც ქალმა რამდენჯერმე თვითმკვლელობაც კი სცადა.

ცხოვრება მუდმივ შიშში - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ქალი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეშინებული ქალები ხმას უარესი საფრთხის შიშით ვერ იღებენ, შედეგად კი წლების განმავლობაში უწევთ აგრესორთან ცხოვრება. ძალადობის ბოლო ფაქტის შემდეგ, ქალი სახლიდან გაიქცა და დაახლოებით ორი კვირაა, მოძალადე ქმრისგან დამალვას ცდილობს.

ამ პირობებში 3 წელზე მეტხანს იცხოვრა. ამბობს, რომ მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად გამუდმებით ძალადობდა, რის გამოც რამდენჯერმე სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაც სცადა.

ბრალდების ადრესატი დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მას მეუღლეზე არასდროს უძალადია, თუმცა "კურიერთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ოჯახში კონფლიქტი არაერთხელ ჰქონია. არც იმას მალავს, რომ ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია. მიუხედავად ამისა, ამტკიცებს, რომ მის ცოლს ერთადერთი მატერიალური ინტერესი ამოძრავებს.

დაზარალებულის სტატუსის მატარებლის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურას არაერთი უტყუარი მტკიცებულება აქვს, რომლებიც ადასტურებს,  როგორ ძალადობდა ქმარი მეუღლეზე. სახლიდან გაქცევისა და პოლიციის გამოძახების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი სახლში დააკავეს, თუმცა მალევე ბრალდებული სასამართლო პროცესიდან  5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის მტკიცებით, არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია მოძალადის ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ, თუმცა ირგვლივ მყოფი პირებიდან დანაშაულზე არავინ რეაგირებდა. მხარეები ახლა მომდევნო სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა გაიმართოს.

ბოლო რამდენიმე თვეში ოჯახური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე მესამე სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან მსხვერპლის დაცვის პროგრამის გაძლიერების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

დღის ამბები