29 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ცვლილებები საარჩევნო კოდექში, რომელიც ქალებს ეხება - საარჩევნო სიის ყოველი მეოთხე წევრი ქალი უნდა იყოს

ყოფილი ვიცე-სპიკერი, საკანონმდებლო ორგანოს გენდერულ საბჭოს წევრი და მეცხრე მოწვევის პარლამენტარი ამბობს, რომ გზა დეპუტატობამდე და მას შემდეგ მარტივი არ არის. თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ხშირად ქალების პოლიტიკურ გაძლიერებას და საჯარო აქტივობას ხელს უშლის არამარტო სტერეოტიპები, არამედ თავად პოლიტიკური მიდგომები. მისი თქმით, გენდერული კვოტირების სისტემის შემოტანა და გარკვეული პერიოდით ამ თემის ხელოვნური გზით დარეგულირება აუცილებელია.

გენდერული კვოტირება საქართველოში პირველად, შესაძლოა, 2020 წელის არჩევნებზე აისახოს. შესაბამის ცვლილებებს მმართველი გუნდის წევრები ამზადებენ. დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში პარტიები ვალდებულები იქნებიან, სიაში ყოველი მეოთხე ქალი ჰყავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციას ვერ შეძლებენ. ამ პრინციპით პარლამენტში შესულ ქალ დეპუტატს, მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, კვლავ ქალი შეცვლის, ასევე, ბიუჯეტიდან გაზრდილ ფინანსურ წახალისებას მიიღებენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, ვისი პარტიული სიის ყოველი მესამე წევრი ქალი იქნება.

"ქართული ოცნების" პარტიის აღმასრულებელი მდივანი "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ უმრავლესობის ფორმატში ცვლილებებზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა თანაგუნდელების მხარდაჭერის იმედი აქვს. ინიციატივა არამარტო საპარლამენტო, არამედ თვითმმართველობის არჩევნებსაც მოიცავს.

ქალთა პოლიტიკური და უფლებრივი მდგომარეობის მოგვარება რომ საკანონმდებლო ორგანოდან არ უნდა დაიწყოს, ამაში დარწმუნებულია ირმა ნადირაშვილი. "ევროპული საქართველოს" წევრს მიაჩნია, რომ პარლამენტში ქალების შეყვანა გენდერული ნიშნით დამაკნინებელია და მიაჩნია, რომ ეს მათ უფლებრივ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, ვერც პოლიტიკურ აქტივობას შეუწყობს ხელს, თუკი ჯერ ქალისადმი საზოგადობრივი მიდგომები არ შეიცვალა.

სალომე სამადაშვილისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ჩართულობა პირდაპირ უკავშირდება მათი უფლებების დაცვასა და სამართლიანობის შენარჩუნებას. პოლიტიკოსის თქმით, პატრიარქალურ კულტურაში ქალისთვის საჯარო სივრცე აღარ რჩება და ამას ხშირად თავად ქალებიც უწყობენ ხელს, ამიტომ - მეტი ქალი პოლიტიკაში - სწორედ გენდერული კვოტების შემოღებით გამოჩნდება. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მისმა პარტიამ კვოტირებასთან დაკავშირებულ კანონს მხარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაუჭირა, თუმცა მაშინ ინიციატივა ჩავარდა.

იმპერატიულ მიდგომას, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს,  მხარს არ უჭერს ნინო ბურჯანაძე. მისი სპიკერობის პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში ქალების წარმომადგენლობა 10%-ით განისაზღვრებოდა. "ლელოში" კი ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას ემხრობიან, თუმცა სავალდებულო კვოტების საკითხზე ცალსახა პოზიცია ჯერ არ აქვთ.

უმრავლესობის წევრი დეპუტატი ქალები მათი თანაგუნდელების ინიციატივას ემხრობიან. ნინო წილოსანი ამბობს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის მოსვლის გარდა, ეს საკანონმდებლო ინიციატივა საზოგადოებაში ქალების უფლებრივ როლსაც გააძლიერებს.

საკანონმდებლო ორგანოში 149 დეპუტატიდან მხოლოდ 21 ქალია. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, საქართველო 106-ე ადგილს იკავებს.

ევროპაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის.

თუკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება, მეათე მოწვევის პარლამენტში 21-ის ნაცვლად უკვე 30 ქალი შევა.

დღის ამბები